თბილისში საცხოვრებელ ფართებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა ზედიზედ მერვე თვეა მცირდება, რაც წინა წლებში მკვეთრად გაზრდილი მიწოდების დასტაბილურების ნიშანია, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, საბა ჩახვაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 2026 წლის მაისში ნებართვა გაიცა 23 საცხოვრებელ პროექტზე, რომელთა ჯამურმა საცხოვრებელმა ფართმა 165,484 კვ.მ შეადგინა (-18.4% წ/წ).
„საერთო ჯამში კი, საანგარიშო პერიოდში, ანუ 2026 წლის 5 თვეში, გაცემული ნებართვების მოცულობა წლიურად 34.4%-ით შემცირდა“, - განმარტა საბა ჩახვაშვილმა.
მან „ბიზნესპარტნიორთან“ თბილისში გასაყიდი უძრავი ქონების ფასებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დინამიკაში აღმავალი ტენდენცია ნარჩუნდება, თუმცა შენელებულია ბინებზე ფასების ზრდის ტემპი და ის თვიდან თვემდე 0.3%-დან 0.6%-მდე მერყეობს.
„პირობითად, თუ 2024 წლის მაისში თბილისში 1 კვადრატული მეტრი გასაყიდი უძრავი ქონების საშუალო ფასი 1288 დოლარი იყო, 2025 წელს ის - 1331 დოლარი გახდა, წელს კი კვადრატულის საშუალო ღირებულებამ 1412 დოლარს მიაღწია“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.
მისივე განმარტებით, ფასების ზრდას მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსი განაპირობებს. კერძოდ, თბილისში ბინებზე არსებული მოთხოვნა, ამჟამინდელ მიწოდებას აღემატება.