მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ის მფლობელის, ივერი ჭელიძის შეფასებით, მესტიის აეროპორტისთვის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა რეგიონში ტურისტული ნაკადების ზრდას ხელს შეუწყობს.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ტერმინალის მშენებლობასთან ერთად აუცილებელია ფრენების სიხშირის ზრდა.
"მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობას, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებთ. ხალხის ნაკადი რაიონში იზრდება და შესაბამისად, აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანია. ამაზე საუბარი წინა წლებშიც იყო და იმედია, წელს რეალურად დაიწყება სამუშაობი. ახალი ტერმინალის აშენებასთან ერთად, აუცილებელია დაემატოს უფრო დიდი მოცულობის საფრენი სატრანსპორტო საშუალებები და ასევე, გაიზარდოს ფრენების სიხშირე", - აღნიშნა ივერი ჭელიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის წარმომადგენლების, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრის და პრემიერის განცხადებით, ადგილობრივი აეროპორტების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ აღნიშნულის ფარგლებში უახლოეს მომავალში დაგეგმილია თელავის აეროპორტის განვითარება და ასევე, მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობა.