logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"შანხაის მიმართულებით ახალი საჰაერო ხაზი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია" - თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის შეფასებით, თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის ამოქმედება საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" თამარ იოსელიანი განმარტავს, შანხაი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ის ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია.

"შანხაი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია. შანხაი ასევე ერთგვარი ჰაბია აზიაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, სხვა მიმართულებებსაც დავუკავშირდეთ. ზოგადად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საქართველოს თანამშრომლობა გაღრმავდა. ზემოთთქმული ერთ-ერთი მიღწევაა, რაც ამ სტრატეგიულმა თანამშრომლობამ მოიტანა. ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის თვალსაზრისით, ავიაციის სექტორში პოზიტიური დინამიკა გვაქვს. როგორც იცით, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით სამი ავიაკომპანია ოპერირებს. ეს ყველაფერი, შესაძლებლობას მოგვცემს, გავაღრმაოთ როგორც ბიზნეს ურთიერთობები, ასევე ხალხთაშორისი კავშირები. ასევე ტურისტული ნაკადიც გაიზრდება, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის დამატებითი წყარო იქნება", - აცხადებს თამარ იოსელიანი.

მინისტრის მოადგილე საქართველოს საავიაციო ბაზრის დინამიკაზე საუბრისას განმარტავს, რომ დღეის მდგომარეობით, ქვეყნის საავიაციო ბაზარზე 80-მდე ავიაკომპანია ოპერირებს, რომელიც დაახლოებით 140 საერთაშორისო საჰაერო ხაზს ემსახურება. მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით მზარდი ტენდენცია ფიქსირდება.

"ივნისის თვის ბოლოს საქართველოში ბაზარზე ნორვეგიის ავიახაზები შემოვიდა. შესაბამისად, დანიის დედაქალაქი თბილისს დაუკავშირდა - რაც ჩვენი საავიაციო სექტორისთვის ძალიან პოზიტიურია. ასევე მნიშვნელოვანია ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის მიმართულების ამოქმედებაც. ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წლის ბოლომდე კიდევ გავზარდოთ, როგორც ავიაკომპანიების რაოდენობა, ასევე საჰაერო ხაზების მიმართულებები", - აცხადებს თამარ იოსელიანი.

ცნობისთვის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, China Eastern Airlines-ი  მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

გამოგვყევით