YouTube-ზე ახალი, ქართული საბავშვო პროექტი გამოჩნდა - ანიმაციური სერიალი, სახელწოდებით „ოლივერი — ფეხბურთის გუნდის საუკეთესო კაპიტანი“.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საბავშვო ანიმაციური პროექტის ავტორმა, ნათია კანკიამ განუცხადა, სერიალი 6 წლის ბიჭზე მოგვითხრობს, რომელმაც გადაწყვიტა, ცხოველებისგან საკუთარი საფეხბურთო გუნდი შეექმნა.
„თითოეული სერია ერთ კონკრეტულ ცხოველს, მასთან შეხვედრას, მოლაპარაკებასა და ახალ თავგადასავალს ეძღვნება. ყველა ეპიზოდში არის სახალისო სიმღერაც, რომელიც ბავშვებს ძალიან გაართობს. ეს ანიმაციური სერიალი ჩემივე მოთხრობის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც უკვე დიდი ხანია „ამაზონზე“ დევს და იყიდება. შესაბამისად, სერიალის შინაარსობრივი ნაწილი, მოქმედი გმირების ხასიათი და ვიზუალი, სრულად მე მეკუთვნის. მუშაობის პროცესში კი, როგორც დამხმარე ინსტრუმენტს, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს ვიყენებ. აქვე არ შემიძლია არ გამოვყო ჩემი მეგობრების წვლილი, რომლებიც სერიალის გახმოვანებისა და ჩაწერის პროცესში მეხმარებიან. მთავარ გმირს ახმოვანებს უნიჭიერესი ბიჭუნა - ნოა ქვრივიშვილი, რომელიც ჩემი აღმოჩენაა და რომლის მშობლებსაც გახმოვანების სფეროში ასევე ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ“, - განმარტა ნათია კანკიამ.
მისივე ინფორმაციით, 22 აგვისტომდე, ქართველი მაყურებელი „ოლივერი — ფეხბურთის გუნდის საუკეთესო კაპიტანი“-ს 10 ეპიზოდს იხილავს, 25 აგვისტოდან კი - YouTube პლატფორმაზე მეორე სეზონის სერიებიც გამოჩნდება.
„ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს გახმოვანებისა და მონტაჟის პროცესი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ანიმაციური სერიალი გაგრძელდება იქამდე, სანამ ბავშვებს არ მობეზრდებათ. სხვათა შორის, ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც პირველი ეპიზოდები გამოჩნდა YouTube-ზე და უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები პატარებისგან“, - აღნიშნა საბავშვო ანიმაციური პროექტის ავტორმა.
ნათია კანკიას თქმით, სექტემბრიდან „ოლივერი — ფეხბურთის გუნდის საუკეთესო კაპიტანი“ საქართველოს ფარგლებსაც გასცდება და საერთაშორისო პროექტი გახდება. ანიმაციური სერიალი რამდენიმე ენაზე ითარგმნება და მისი ნახვის შესაძლებლობა უცხოელ ბავშვებსაც ექნებათ.