logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ინვესტიციები, ექსპორტი და საჯარო-კერძო პარტნიორობა სააგენტოს სამი ძირითადი მიმართულებაა" - თორნიკე სულაბერიძე

ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე სულაბერიძის ინფორმაციით, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ინვესტორებთან და კერძო სექტორთან, რათა საქართველოში ისეთი პროექტები განხორციელდეს, რომლებიც ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს.

როგორც თორნიკე სულაბერიძე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" აღნიშნავს, სააგენტო მუშაობს სხვადასხვა მიმართულების პროექტებზე, მათ შორის ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და BPO სექტორებში.

"სააგენტო მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით. პირველი არის ინვესტიციების მოზიდვა. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ მსხვილ ინვესტორებთან და კერძო სექტორთან. მოგეხსენებათ, ჩვენი სააგენტო ჩართული იყო "იგლ ჰილსის" (Eagle Hills) პროექტის საქართველოში შემოყვანის პროცესშიც და დღესაც აგრძელებს მუშაობას სხვადასხვა პროექტზე - იქნება ეს ენერგეტიკის, ტექნოლოგიების თუ BPO სექტორის მიმართულებით. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ექსპორტის ხელშეწყობაა. რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდით აშშ-ში, სადაც გამოფენაში დაახლოებით 16 ქართული კომპანია მონაწილეობდა. ქართული პროდუქციის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი დაფიქსირდა და ამ მიმართულებითაც აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. მესამე მიმართულებაა საჯარო და კერძო პარტნიორობა (PPP), რომლის ფარგლებშიც სააგენტო ჩართულია სხვადასხვა საინვესტიციო პროექტში - იქნება ეს ჰიდროელექტროსადგურების, მზის თუ ქარის ენერგიის პროექტები", - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.

ცნობისთვის, მთავრობამ ინვესტიციების სააგენტოს დებულება დაამტკიცა. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. კერძოდ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შეიქმნა სსიპ "ინვესტიციების სააგენტო", რომლის მიზანია საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერების ხელშეწყობა.

გამოგვყევით