"მიხოს ბაღებმა" მზესუმზირის 100%-ით ნატურალური, ცივად დაწურული არარაფინირებული ზეთის წარმოება დაიწყო. ამის შესახებ "მიხოს ბაღების" დამფუძნებელმა მიხეილ ღვინიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი თქმით, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და პროდუქცია სრულად ონლაინ იყიდება.
"მიმდინარე წელს მზესუმზირის ზეთის წარმოება დავიწყეთ. მზესუმზირა თავად მომყავს და შემდეგ ცივი დაწურვის პრინციპით ზეთს ვაწარმოებ, რომელიც 100%-ით ნატურალურია. ბაზარზე კონკურენცია ამ კუთხით არ ვიცი რამდენად არის, თუმცა ჩემი წარმოება ჯერჯერობით არ არის იმ მასშტაბის, რომ კონკურენციის საკითხი ჩემთვის რაიმე გამოწვევა იყოს. იმ რაოდენობას რასაც ვაწარმოებ ყოველთვის ჰყავს მომხმარებელი", - აცხადებს მიხეილ ღვინიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ზეთის წარმოების მოცულობა პირდაპირ არის დამოკიდებული მოსავლის რაოდენობაზე, ხოლო წარმოებული პროდუქცია სრულად რეალიზდება.
რაც შეეხება კომპანიის მთავარ მიმართულებას - ბროწეულის წვენს, "მიხოს ბაღების" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მოთხოვნა ამ მიმართულებით მზარდია.
"ბროწეულის წვენზე მოთხოვნა იზრდება. ამ ეტაპზე მარაგები სრულად ამოწურული გვაქვს და ველოდებით მიმდინარე წლის სეზონს", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, "მიხოს ბაღების" საწარმო თბილისში მდებარეობს, თუმცა მოსავალი დედოფლისწყაროში მოჰყავთ. კომპანია ამჟამად, ბროწეულის წვენსა და მზესუმზირის ზეთს აწარმოებს.