logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"Starbucks მხოლოდ პირველი ნაბიჯია, Akshaya Group სხვა საერთაშორისო ბრენდების შემოყვანასაც განიხილავს" - თორნიკე სულაბერიძე

ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე სულაბერიძის ინფორმაციით, კომპანია Akshaya Group-ის პორტფელში Starbucks-თან ერთად ისეთი ამერიკული ბრენდებიც შედის, როგორიცაა The Cheesecake Factory და Victoria’s Secret-ი. მისივე განმარტებით, კომპანია აღნიშნული ბრენდების საქართველოს ბაზარზე შემოყვანასაც განიხილავს.

როგორც სულაბერიძე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" აცხადებს, Akshaya Group-თან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რაიმე მსხვილი პროექტის დაანონსება ნაადრევია.

"ის ფაქტი, რომ Starbucks-ი საქართველოში Akshaya Group-ის ფრენჩაიზის მეშვეობით  შემოვიდა, მნიშვნელოვანი სიგნალია სხვა ინვესტორებისა და ბრენდებისთვის, რომ საქართველო საკმაოდ მიმზიდველი ქვეყანაა. ზოგადად, გარდა Starbucks-ისა, Akshaya Group-ს პორტფელში ბევრი სხვა ბრენდი აქვს - ეს საქართველოში მათი გრძელვადიანი გეგმების დასაწყისია.

კომპანიის წლიური შემოსავალი დაახლოებით $30 მლრდ-ს შეადგენს. რეგიონში უკვე არაერთი ინვესტიცია აქვთ განხორციელებული. ამ ეტაპზე ჯგუფთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. ჯერჯერობით რაიმე მსხვილი პროექტის დაანონსება ნაადრევია, თუმცა პირველადი კომუნიკაცია უკვე შედგა. Akshaya Group სავაჭრო ობიექტების ფართო ქსელი აქვს, სადაც ათასობით ბრენდია წარმოდგენილი. მათი ბიზნესმოდელი მხოლოდ Starbucks-ის მაღაზიების ოპერირებით არ შემოიფარგლება - ისინი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდსაც მართავენ", - ამბობს თორნიკე სულაბერიძე.

ამასთან, ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ცნობით, თბილისში Starbucks-ის ფილიალი გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. ასევე, Akshaya Group ორიენტირებულია Starbucks-ის ფილიალების გახსნაზე არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

"უკვე მიმდინარეობს ლოკაციების შერჩევა, რაშიც ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული. თბილისის გარდა, განიხილება ბათუმი, ასევე სხვა ქალაქებიც. გამომდინარე მაღალი მოთხოვნიდან, რომელიც Starbucks-ის გახსნას პირველივე დღიდან მოჰყვა, კომპანიას სურს, რომ ახალი ფილიალები რაც შეიძლება სწრაფად გახსნას", - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.

ცნობისთვის, თბილისში  Axis Towers-ში   Starbucks-ი 3 ივლისს გაიხსნა. საქართველოში Starbucks-ის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნა, რომელიც Starbucks-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

Starbucks-ის  ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

 Alshaya Group ევრაზიაში Starbucks-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.

Starbucks მსოფლიო ბაზარზე 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს. დღეს კომპანიის ქსელი 40 000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.

გამოგვყევით