logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

თელავში სტიქიამ "იას მეღვინეობის" საფერავის ვენახი თითქმის სრულად გაანადგურა

12 ივლისს თელავში განვითარებულმა სტიქიამ "იას მეღვინეობას" მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ია იმერლიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, ადიდებულმა მდინარე კისისხევმა წინანდლის მიკროზონაში მდებარე 50 წლის საფერავის ვენახი, რომელიც 1 ჰექტარზე მეტ ფართობზე იყო გაშენებული, თითქმის სრულად გაანადგურა.

მისი თქმით, შედეგად, წელს მეღვინეობაში საფერავის ღვინის დეფიციტი იქნება.

სამწუხაროდ, აღნიშნული ვენახი დაზღვეული არ გვქონდა. წინასწარ ვერაფერს ვერ ვამბობთ ამ ადგილზე რა მდგომარეობა იქნება და სამომავლოდ შესაძლებელი იქნება თუ არა ისევ ვენახის გაშენება. ეს ჩვენს კომპეტენციას აღემატება და სპეციალისტის დასკვნა დასჭირდება, რადგან მდინარიდან გადმოტანილია სხვადასხვა მასალა. ზარალის მოცულობა ჯერჯერობით უცნობია. თუ მანდ ხევი პრობლემას აღარ შექმნის - ვენახს ისევ გავაშენებთ, მაგრამ ეს ძალიან შორი პერსპექტივაა.

საბედნიეროდ, ჩვენ სხვა ვენახებიც გვაქვს  და სრულად ყურძნის გარეშე არ დავრჩებით, თუმცა წარმადობა საგრძნობლად შეგვიმცირდება. სულ სამი ჯიშის ყურძენი გვაქვს - რქაწითელი, საფერავი და კახური მწვანე. შესაბამისად, წელს საფერავი დეფიციტური იქნება“, - აცხადებს „იას მეღვინეობის“ დამფუძნებელი.

ცნობისთვის, საოჯახო მეღვინეობა "იას მარანი" ქვევრისა და კლასიკური, ევროპული სტილის კრაფტ ღვინოს აწარმოებს. მეღვინეობა ნედლეულს საკუთარი ვენახებიდან იღებს. "იას მარანი" ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. 

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად 12 ივლისს მდინარე თელავის ხევი და ასევე, კისის ხევი ადიდდა. მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დატბორა. 

გამოგვყევით