logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კანადაში უამრავი აუქციონია, საიდანაც მომხმარებლებს მანქანების ჩამოყვანის სერვისს 1-ელი აგვისტოდან შევთავაზებთ - "ქარმარკი"

მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანიები შემოდგომიდან გააქტიურებას და რეალიზაციის მაჩვენებლების ზრდას პროგნოზირებენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „ქარმარკის“ დირექტორმა, ირაკლი კუხიანიძემ განუცხადა, მიზეზი ახალი საიმპორტო ბაზრების  მოძიებაა.

„უახლოეს პერიოდში დავამატებთ კანადურ ბაზარს, სადაც უამრავი დიდი აუქციონია.  შესაბამისად,  ჩვენს მომხმარებლებს მანქანების ჩამოყვანის სერვისს 1-ელი აგვისტოდან შევთავაზებთ. აღსანიშნავია, რომ კანადურ აუქციონებზე საკმაოდ ფართო არჩევანია, მათ შორის - ახალი მანქანები სჭარბობს, ფასები კი შედარებით დაბალია. ამის გამო, ველით, რომ კანადიდან ავტომობილების იმპორტი გაიზრდება. რამდენადაც ვიცი, ჩვენს გარდა, საქართველოში სხვა მსხვილი ავტოიმპორტიორი კომპანიებიც აპირებენ კანადური ბაზრის დამატებას. ამიტომ, ქართველ მომხმარებელს უფრო მრავალფეროვანი არჩევანი ექნება“, - განმარტა ირაკლი კუხიანიძემ.

გარდა ამისა, სექტორში საცალო გაყიდვების ზრდას ვარაუდობენ ჩინეთის ხარჯზეც და აღნიშნავენ, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, გაზრდილია მოთხოვნა ჩინეთიდან მანქანების იმპორტზე.

„თუმცა, ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. კერძოდ, იქ უნდა გყავდეს პარტნიორი, რომელიც გამოგზავნის მანქანას“, - აღნიშნა „ქარმარკის“ დირექტორმა.

მისივე ვარაუდით, შემოდგომიდან მანქანების გაყიდვების ზრდა ყველას არ შეეხება და ამას მხოლოდ ის კომპანიები შეძლებენ, რომლებიც განვითარდებიან და სიახლეებს დანერგავენ. მათ შორის, როგორც ირაკლი კუხიანიძემ აღნიშნა, გააქტიურდებიან ახალი ბაზრების მოძიების მიმართულებებით.

რაც შეეხება, ფიზიკურ პირებს, ანუ ქართველ დილერებს  - ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მათი მძიმე მდგომარეობა არც შემოდგომაზე შეიცვლება და მანქანების რეალიზაცია ისევე გაუჭირდებათ, როგორც ახლა უჭირთ. მეტიც, ასოციაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, დილერების 60-70% -ს ავტოიმპორტი, ფაქტობრივად, შეჩერებული აქვს.

ცნობისთვის, საქართველოში ავტომობილების იმპორტი 4-წლიან მინიმუმზეა. 2026 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში 77 054 ავტომობილი შემოვიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 1.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში, ავტომობილების იმპორტი რაოდენობრივად თითქმის 15%-ით, ღირებულებით კი 20%-ით შემცირდა.

გამოგვყევით