თელავში მდებარე სასტუმრო "მია თელავის" დამფუძნებლის, სოსო ფირცხელაურის ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმების ფონზე, მიმდინარე წელი ტურიზმის სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა როგორც სოსო ფირცხელაური "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, თელავში მომხდარი სტიქიის მიუხედავად, სასტუმროში ვიზიტორების რაოდენობა არ შემცირებულა და ამ ეტაპზე, არც წინასწარი ჯავშნებია გაუქმებული.
როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი განმარტავს, "მია თელავი" სტიქიის ზონიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, ამიტომ ტურისტული ობიექტის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
"წლის ჭრილში დაახლოებით 40-50%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ. წინასწარი ჯავშნების მხრივ, აგვისტოს თვის 30% უკვე დაკავებულია - ჯავშნები არ გაუქმებულა. ზაფხულის აქტიურ სეზონს ველოდებით და არ ვფიქრობ, რომ სტიქიის გამო ვიზიტორები თელავში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებენ. კონკრეტულად ორი ქუჩაა დატბორილი, სადაც მოსაწესრიგებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჯერჯერობით, სტიქიის ზონაში მდებარე სხვა სასტუმროებიდან სტუმრები ჩვენთან არ გადმოსულან.
სტიქიის ზონაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. გადაუღებელი წვიმების გამო, მიმდინარე წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა - ამ ფაქტორმა გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ჩვენზე, არამედ თითქმის ყველა ადგილობრივ ბიზნესზე. ზოგადად, ჩვენთან ვიზიტორები, როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელები არიან. უცხოელები უმეტესწილად ევროპიდან გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან საფრანგეთიდან გვსტუმრობენ", - აცხადებს სოსო ფირცხელაური.
ცნობისთვის, სასტუმრო "მია თელავი" თელავში მდებარეობს და 13 ნომრისგან შედგება, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 4 წელია ოპერირებს.