ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის შეფასებით, ჩინეთიდან ტურიზმის მიმართულებით ზრდის ტენდენცია გრძელდება - წინა წელს მატებამ 44% შეადგინა, მიმდინარე პერიოდში კი 49%-მდე გაიზარდა.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" თამარ იოსელიანი განმარტავს, ჩინეთიდან ვიზიტების ზრდას ხელს უწყობს როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ჩინეთის ბაზარზე განხორციელებული მარკეტინგული კამპანიები. მისივე თქმით, ამ მიმართულებით, დაახლოებით ₾7 მლნ-ის კამპანიები ჩატარდა, რაც საქართველოს ცნობადობისა და ტურისტული მიმზიდველობის გაზრდას ემსახურება.
"ტურიზმის მიმართულებითაც კარგი ტენდენცია გვაქვს. ზოგადად, პირველ კვარტალში და შეიძლება ითქვას, პირველ ნახევარშიც, დაახლოებით 50%-იანი მატება დაფიქსირდა, ზოგადად მგზავრთნაკადის თვალსაზრისით. ჩინეთიდან ვიზიტების ზრდას ხელს უწყობს როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ის კამპანიები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ბაზარზე ახორციელებს. დაახლოებით უკვე ₾7 მლნ-ის მარკეტინგული კამპანიები ჩატარდა, რაც საქართველოს ცნობადობისა ამაღლებას ხელს უწყობს და ეს უკვე ციფრებშიც აისახება. დარწმუნებული ვარ, ეს ახალი საჰაერო ხიდიც შესაძლებლობას მოგვცემს, ურთიერთობები გავაფართოოთ - შესაბამისად, შანხაისთან როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის მიმართულებით კავშირები გავაძლიეროთ. დამატებით ვიტყოდი, რომ ზოგადად, საავიაციო სექტორში ტენდენციები ძალიან პოზიტიურია. ივლისის თვე განსაკუთრებით გამორჩეული იყო, მიუხედავად იმისა რომ რეგიონში არსებული ვითარება გამოწვევებითაა სავსე", - აცხადებს თამარ იოსელიანი.