logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"სამი წლის თავზე ტრამვაის ხაზით სარგებლობას შევძლებთ" - გიორგი ტყემალაძე

თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, დიდი დიღმიდან მეტროსადგურ "დიდუბესთან" დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზით სარგებლობა სამი წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

როგორც გიორგი ტყემალაძე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ განმარტავს, აღნიშნული მარშრუტის შერჩევა დიდუბის მეტროს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ჰაბის როლიდან გამომდინარეობს.

მისივე ცნობით, ტრამვაის ქსელის განვითარება მხოლოდ ამ პროექტით არ შემოიფარგლება და მომავალში სხვა მიმართულებებსაც მოიცავს. კონკრეტულ ხაზებთან დაკავშირებით კი დეტალური ინფორმაცია გარკვეული პერიოდის შემდეგ გახდება ცნობილი.

"თუ გავითვალისწინებთ, დიდუბის სპეციფიკას -  ესაა რაიონი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა იზრდება და ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით ყოველდღიურად გადაადგილდებიან. შესაბამისად, მოძრაობა ძალიან დატვირთულია. ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალურად უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ზოგადად, ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება ეს ავტობუსის მარშრუტი, თუ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება, კვლევის და ანალიზის საფუძველზე მიიღება", - აღნიშნავს თბილისის ვიცე მერი.

გიორგი ტყემალაძე ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიის შესახებ საუბრისას განმარტავს, რომ კომპანიის მიერ წარმოდგენილი ფასი ბაზრის კვლევასთან შედარებით დაახლოებით, 30%-ით ნაკლებია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იყო ფასის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, რომელიც კომპანიამ წარმოადგინა და სატენდერო კომისიამაც შეისწავლა. შესაბამისად, აღნიშნული ფასის გამო პროექტის განხორციელებას რაიმე საფრთხე არ ემუქრება.

"მთავარი კომპონენტია გამოცდილება. კომპანიას აუცილებლად ჰქონოდა პრაქტიკულად განხორციელებული ანალოგიური პროექტები, იქნება ეს ტრამვაი, მეტრო თუ სხვა მსგავსი ინფრასტრუქტურა. ოთხივე კომპანიას, რომლებმაც ტენდერში მიიღეს მონაწილეობა შესაბამისი გამოცდილება აქვთ. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე უკვე ჩაერთო ფასის კომპონენტი. შესაძლოა დაისვას კითხვა: პროექტის განხორციელებისთვის ზედმეტად დაბალი ფასი რაიმე საფრთხეს ხომ არ ქმნის?! ბაზრის კვლევასთან შედარებით ფასი დაახლოებით 30%-ით ნაკლებია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ფასის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნული დოკუმენტაცია კომპანიამ წარმოადგინა და სატენდერო კომისიამაც შეისწავლა. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ აღნიშნული ფასის გამო პროექტის განხორციელებას რაიმე საფრთხე შეექმნება. მეორე მხრივ, რაც უფრო ნაკლები ფინანსური რესურსი იქნება საჭირო და რაც უფრო მეტი თანხა დაიზოგება ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამუშაოების ფარგლებში დამატებითი ხარჯებიც იქნება - მათ შორის კომუნიკაციებთან და გარკვეული ტერიტორიების გამოსყიდვასთან დაკავშირებით", - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

ცნობისთვის, ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში თურქეთში რეგისტრირებულმა ერთობლივმა საწარმო EYE-მ (Emre Ray + Yüksel + Erk) გაიმარჯვა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულმა საწარმომ ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, პროექტი ₾288 მლნ დაჯდება.

გამოგვყევით