დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ქონების დაზღვევის მიმართულებით პენეტრაცია ჯერ კიდევ დაბალია, რის გამოც, მიუხედავად თელავში სტიქიის მასშტაბისა, სადაზღვევო კომპანიებში ზარალის შესახებ შეტყობინებების დიდი რაოდენობა არ შესულა. ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული, ან მძიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"გვაქვს რამდენიმე კომერციული ობიექტის დატბორვის შემთხვევა და კალაპოტის ირგვლივ არსებული ვენახების დაზიანება. მიმდინარეობს ზარალის დათვლა, თუმცა არსებული ინფორმაციით ზარალი მასშტაბური არ არის. აქვე გასათვალისწინებელია, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში ქონების დაზღვევის მიმართულებით ჯერ კიდევ დაბალი პენეტრაციაა. კომპანიებს აქვთ ძალიან მძლავრი გადაზღვევის სისტემები, სექტორი სრულად გადახდისუნარიანია და ყველა დადასტურებული ზარალი, რა თქმა უნდა, უპრობლემოდ ანაზღაურდება", - აცხადებენ სახელმწიფო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად 12 ივლისს მდინარე თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დატბორა. სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფო და კომერციული ობიექტი.