logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-მოწყობისთვის მილიონობით ლარი იხარჯება" - ვარლამ წიკლაური

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. როგორც  მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ქალაქში, ისე სოფლებში - მათ შორის, გზების, საზოგადოებრივი სივრცეების, განათებისა და სხვადასხვა ობიექტის მოწესრიგების მიმართულებით.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტებში ჯამში მილიონობით ლარი იხარჯება.

ტურისტების დასახვედრად მნიშვნელოვანია გამართული ინფრასტრუქტურა და ბუნებრივია, მუნიციპალიტეტი  აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მათ შორის, საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული ღონისძიებები მიმდინარეობს როგორც ახალციხეში, ისე სოფლებში. კერძოდ, მიმდინარეობს გზების მოწესრიგება, სამუსიკო სკოლის, კინო კლუბისა და მედიათეკის სამშენებლო სამუშაოები. გარდა ამისა, მიმდინარეობს კალათბურთის დარბაზის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაგეგმილია ცენტრალური პარკის მოწყობა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს და გარდა ამისა, ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მოეწყობა ბულვარი, რომელიც ხელოვნურ ტბას შეუერთდება.

რაც შეეხება სოფლებს - კეთდება გზები, განათებები და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან გამოყოფილი თანხით მიმდინარეობს სტიქიის საპრევენციო ღონისძიებებისთვის ზომების მიღება , დაზიანებული გზების შეკეთება და .. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამიდან 167 000 ლარი, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან 445 000 ლარი, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან კი 187 000 ლარი, რაც ბუნებრივია, სოფლების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ვარლამ წიკლაური.

ამასთან, ვარლამ წიკლაურის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გამოწვევები კვლავ არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სარწყავი სისტემების მოწესრიგება და სოფლებში წყლის პრობლემების მოგვარებაა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და განიხილება ჭაბურღილების პროექტების განხორციელება, რაც სოფლებს არსებული გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრაში დაეხმარება.

ახალციხის მერის განცხადებით, რეგიონების განვითარებაში მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლებისა და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობა. მისი თქმით, ყველა მხარის ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მუნიციპალიტეტში ჩამოსულმა ვიზიტორებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ თავი კომფორტულად იგრძნონ.

გამოგვყევით