ბოლო 1 წელში, დედაქალაქში ქირის ფასი შედარებით გაზრდილია. კერძოდ, Galt & Taggart-ის ინფორმაციით, პირობითად, თუ 2025 წლის მაისის თვეში, თბილისში 1 კვადრატული მეტრი გასაქირავებელი საცხოვრებელი ფართი, საშუალოდ, 9.3 დოლარი ღირდა, დღევანდელი მოცემულობით ფასი, თითქმის, 10 დოლარს აღწევს.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და გაქირავების პორტალ Home.ge-ში ვარაუდობენ, რომ აგვისტოს თვეში, თბილისში ქირის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც მაღალი მოთხოვნა განაპირობებს.
„როგორც ცნობილია, ზაფხულის ბოლო თვეს, დედაქალაქში რეგიონებიდან სტუდენტების დიდი ნაკადი ჩამოდის, რაც გასაქირავებელ საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნას ზრდის, ეს კი ფასებზე ზეწოლას ახდენს. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ ქირის ფასი გაიზრდება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ Home.ge-ს გუნდის ხელმძღვანელმა ტუსია უგრეხელიძემ.
აღსანიშნავია, რომ ქირის ღირებულება განსხვავებულია უბნების მიხედვით. Galt & Taggart-ის მონაცემებით, თბილისის ცენტრში კვადრატულის საშუალო ფასი 13-14 დოლარია, გარეუბნებში კი 8-დან 9 დოლარამდე.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, ყველაზე მაღალ დონეზე გასაქირავებელი ფასი საშუალო ზომის ბინებზე ნარჩუნდება, რაც 50-დან 60 კვადრატულ მეტრამდე ფართის მქონე ბინებს გულისხმობს. ამონაგები კი ქირის ფასიდან თბილისში კვლავ საკმაოდ მაღალია და 8.4% -ს შეადგენს.