თბილისის მშრალი პორტი სერვისების დამატებას განაგრძობს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მისმა გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნემსაძემ განუცხადა, მშრალი პორტის სერვისებს უკვე დაემატა მეორადი ავტომობილებით დატვირთული კონტეინერების გახსნის მომსახურებაც.
„როგორც იცით, თბილისის მშრალი პორტი, ფაქტობრივად, გასული წლის ზაფხულში გაიხსნა. სრული დატვირთვით ოპერირება კი დაიწყო 2025 წლის ივნისის თვიდან. შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელი ძალიან წარმატებული გვაქვს. მხოლოდ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში, ჩვენთან ტვირთბრუნვის 140%-იანი ზრდა ფიქსირდება “, - აღნიშნა ნინო ნემსაძემ.
მისივე თქმით, ეს ტვირთბრუნვა ყოველდღიურად იზრდება თბილისის მშრალ პორტში ისევე, როგორც ზოგადად, გაზრდილია ტრანზიტული ტვირთები საქართველოს გავლით.
„სიახლეც გვაქვს, თბილისის მშრალმა პორტმა დაიწყო მეორადი მანქანებით დატვირთული კონტეინერების გახსნა, რაც ძალიან დიდ კომფორტს უქმნის თბილისში მანქანების მიმღებ პირებს. მათთვის ბევრად უფრო მოსახერხებელია, რომ აირიდონ ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება ბათუმის, ან ფოთის პორტში ფიზიკურად ჩასვლას, ან მომსახურებისთვის მესამე პირის დაქირავებას. ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია უკვე თბილისში, დამოუკიდებლად“, - აღნიშნა ნინო ნემსაძემ.
მან თბილისის მშრალ პორტში მიღებული ტვირთების წარმომავლობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათი დიდი ნაწილი ჩინეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან არის.
„ჩვენი ტვირთების ძირითადი ნაწილი 60-70% არის გათვლილი თბილისის ბაზრისთვის. დაახლოებით, 30-40% არის ტრანზიტული ტვირთი“, - განაცხადა თბილისის მშრალი პორტის გენერალურმა დირექტორმა და აქვე აღნიშნა, რომ ტრანზიტული ტვირთების რაოდენობა საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება და არ არის გამორიცხული, რომ მალე, თბილისის ბაზრისთვის გათვლილი ტვირთების მოცულობას გაუტოლდეს.