2025 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 198 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 35.4 პროცენტი თბილისში იყო განთავსებული, ხოლო 16.2 პროცენტი - იმერეთის, 12.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.1 პროცენტი - კახეთის, 7.6 პროცენტი - ქვემო ქართლის, 5.6 პროცენტი - აჭარის, 4.5 პროცენტი - შიდა ქართლის, 2.0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის, 2.0 პროცენტი - სამცხე-ჯავახეთის, 1.5 პროცენტი - გურიის და 1.5 პროცენტი - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.
"საქსტატის" მონაცემების თანახმად, ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის წილად მოდის 2025 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების საერთო რაოდენობის 72.7 პროცენტი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეების წილად - 23.8 პროცენტი. დანარჩენი ბაზრები და ბაზრობები საქმიანობდნენ სააქციო საზოგადოების (2.5 პროცენტი) და კოოპერატივის (1.0 პროცენტი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.
2025 წელს მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების 96.5 პროცენტი კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო დანარჩენი 3.5 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში. 2025 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები და ბაზრობები განთავსებული იყო 2.0 მილიონ კვ. მეტრ ფართობზე და მათ გააჩნდათ 60 ვეტსანექსპერტიზის ლაბორატორია, 1 061 შემნახველი საკანი (საწყობი) 22.0 ათასი კვ. მეტრი ფართობით და 0.7 ათასი ტონა ტევადობის 292 მაცივარი.
2025 წელს მოქმედი ბაზრობების 35.9 პროცენტი გადახურული იყო (ვაჭრობა შენობაში მიმდინარეობდა), 34.3 პროცენტი იყო ღია ტიპის (ვაჭრობა მიმდინარეობდა შენობის გარეთ), ხოლო 29.8 პროცენტი იყო ნახევრადგადახურული (ვაჭრობა მიმდინარეობდა შენობაშიც და შენობის გარეთაც).
2025 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე პირების მიერ ხორციელდებოდა როგორც სასურსათო, ისე არასასურსათო საქონლით ვაჭრობა. ბაზრებისა და ბაზრობების 30.8 პროცენტში ვაჭრობა მიმდინარეობდა მხოლოდ არასასურსათო საქონლით, ორ ბაზრობაზე - მხოლოდ სასურსათო საქონლით, სამი ბაზრობის ტერიტორიაზე - ავტომობილებითაც, ხოლო სამ ბაზარში იყიდება მხოლოდ ფრინველი და პირუტყვი. საქართველოს ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობა ორგანიზებული იყო კვირის სხვადასხვა დღეს: ყოველდღიური ვაჭრობა მიმდინარეობდა 153 ბაზარში, საკვირაო ვაჭრობა – 23 ბაზარში, კვირა დღის გარდა ვაჭრობდა 3 ბაზარი, ხოლო დანარჩენი ბაზრებისა და ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი ან ოთხდღიანი ვაჭრობა კვირის სხვადასხვა დღეებში. საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 2025 წელს იყო 46.5 ათასი სავაჭრო ადგილი, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიურმა რაოდენობამ 36.1 ათასი კაცი შეადგენა.
2025 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებულ ეკონომიკურ სუბიექტებში (ბაზრობების დირექციებში) დასაქმებულთა საშუალო წლიურმა რაოდენობამ 2.7 ათასი შეადგინა, რომელთაგანაც 32.6 პროცენტი იყო ქალი. ამასთან, დასაქმებულთა 48.1 პროცენტი ქალაქ თბილისზე მოდიოდა. 2025 წელს ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების შემოსავლებმა 208.8 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 9.6 მილიონი ლარი (4.6 პროცენტი) ვაჭრობის უფლების გაცემიდან (ერთჯერადი გადასახდელის სახით) მიღებული შემოსავალი იყო, 180.7 მილიონი ლარი (86.5 პროცენტი) — სავაჭრო ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, ხოლო 18.6 მილიონი ლარი (8.9 პროცენტი) — სხვა შემოსავალი. ამავე პერიოდში ბაზრებისა და ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 128.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც დასაქმებულ პერსონალზე გაცემული შრომის ანაზღაურება იყო 55.2 მილიონი ლარი.