logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"თელავის ხევის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს"

"თელავის ხევის რეაბილიტაციის პროექტი ქალაქის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს"

1785328865

თელავის ხევის რეაბილიტაციით ქალაქი გახდება უფრო უსაფრთხო და მოწესრიგებული. ჩვენი მიზანია, მსგავსი სტიქიური მოვლენების რისკები მომავალში მაქსიმალურად შევამციროთ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თელავში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ადგილზე გაცნობის შემდეგ განაცხადა.

თელავში 12 ივლისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციული სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს რევაზ სოხაძე  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა პროექტირების ჯგუფთან და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც თელავის ხევის რეაბილიტაციის პროექტის დეტალები და სამუშაოების შემდგომი ეტაპები განიხილეს.

ამ ეტაპზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გზების, მდინარე თელავის ხევის კალაპოტისა და სელური ნაკადის დამჭერი ნაგებობების გაწმენდით სამუშაოებს. პარალელურად ეწყობა ნაპირსამაგრი გაბიონები და ხორციელდება დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც ქალაქის სტიქიისგან დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

რევაზ სოხაძის განცხადებით, გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება თელავის ხევის არხისა და დამბების კაპიტალური რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. პროექტი ითვალისწინებს ბეტონის დამცავი კედლებისა და დამცავი ძირის მოწყობას, საფეხმავლო ტროტუარების კეთილმოწყობას, ასევე ხევის სრული მონაკვეთის მოწესრიგებას ქალაქიდან მდინარე ალაზნამდე.

,,პროექტის ფარგლებში შეფასდება ხევის მიმდებარედ არსებული ნაგებობების მდგომარეობაც. იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებზეც შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა დაადგენს საფრთხის არსებობას, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის გამოსყიდვა ან მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა’’-აღნიშნა მინისტრმა.

მისი განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქის უსაფრთხოებას, ისე მის ურბანულ გარემოსა და ვიზუალურ იერსახეს.

რევაზ სოხაძე ასევე გამოეხმაურა მოქალაქეების ინტერესს სტიქიის შედეგად დაზიანებულ კომერციულ ფართებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შესაბამის გადაწყვეტილებებს მუნიციპალიტეტი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე მიიღებს. უსაფრთხოების მიზნით, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ამ ეტაპზე კვლავ შეზღუდულია.

გამოგვყევით