კრეატიული სააგენტო Kraken-ის დამფუძნებლის გიორგი კონტუაძის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე მათი მომსახურების მიმართ მოთხოვნა მზარდია, რადგან ქართული სააგენტოების სერვისები ევროპულ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით იაფადაა ხელმისაწვდომი.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" გიორგი კონტუაძე განმარტავს, Kraken-ი მომხმარებლებს ვიზუალური იდენტობის შექმნის, ბრენდინგისა და მარკეტინგის ყოველთვიური მართვის მომსახურებას სთავაზობს.
მისივე თქმით, ქართულ სააგენტოებს ადგილობრივი ბაზარი ჯერ სრულად ათვისებული არ აქვთ, რადგან საქართველოში მოქმედი კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს მსგავსი ტიპის მომსახურებას.
"იყო პერიოდი, როდესაც კომპანიებს ვხვდებოდით და ვუხსნიდით, რატომაა სოციალურ ქსელში კომუნიკაცია საჭირო. დროის გასვლასთან ერთად ეს ბარიერი მოიხსნა - აღარ მიწევს საუბარი კომპანიებთან რატომაა სოციალური ქსელების გამართულობა მნიშვნელოვანი, მეტიც უკვე თავადაც იაზრებენ. თუმცა ძალიან დიდ ძალისხმევას ვხარჯავ, კომპანიის დამფუძნებლებს ავუხსნა, რომ თუ ბრენდის ცნობადობაზე ზრუნავ ყველა არხში სრულყოფილად წარმოდგენილი უნდა იყო. ჩვენთვის ევროპული ბაზარი ძალიან საინტერესოა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ქართულმა სააგენტოებმა ადგილობრივი ბაზარი ავითვისეთ, რადგან კომპანიების მცირე წილი გვიჭირავს", - აცხადებს სფეროს წარმომადგენელი.
გიორგი კონტუაძე ხელოვნური ინტელექტის როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად არსებობდა მოლოდინი, თითქოს ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ჩაანაცვლებდა, თუმცა დღეს ის მარკეტინგული სააგენტოებისთვის მნიშვნელოვან დამხმარე ინსტრუმენტად იქცა.
"ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრ პროცესს ამარტივებს და აჩქარებს, თუმცა მას სჭირდება ადამიანი, რომელიც სწორ დავალებას მისცემს", – ამბობს Kraken-ის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, კრეატიულმა სააგენტო Kraken-მა, კომპანია "ალმასგან" 75%-იანი წილი სრულად გამოისყიდა. ამასთან, კომპანია Kraken-ი ქართული კრეატიული სააგენტოა, რომელიც ბრენდინგის, მარკეტინგული კომუნიკაციების, სარეკლამო კამპანიებისა და ციფრული კონტენტის შექმნის მიმართულებით მუშაობს და სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობს.