მთავრობის დადგენილებით, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“ განახლდა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ბუნტურმა განუცხადა, ცვლილებების მიზანია შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკაში ეფექტიანად განხორციელება.
„განახლებული წესი ითვალისწინებს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს, მათ შორის: მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის რეგულირებას, უცხოელი მოქალაქეების დასაქმების ახალი პროცედურების განსაზღვრას, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისა და უარის თქმის საფუძვლების დაზუსტებას, ასევე დამსაქმებლებისა და თვითდასაქმებული უცხოელებისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის განახლებას“, - განმარტა გიორგი ბუნტურმა.
მისივე ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად დაზუსტდა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩამონათვალი, რომლებზეც შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების ვალდებულება აღარ გავრცელდება. მათ შორის არიან: სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელები, საჯარო დაწესებულებებისა და სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების სასარგებლოდ დასაქმებული პირები და სხვა.
ცვლილებებით პირველად განისაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის პროცედურაც, რომლის განხორციელებაც არაუმეტეს 4 თვის ვადით იქნება შესაძლებელი.
„ცვლილებები შევიდა კომპანიების მხრიდან დასაქმებულისათვის შრომითი უფლების მოპოვების წესშიც. თუ დამსაქმებელი კალენდარული წლის განმავლობაში გეგმავს 5-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებას, მას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსთან წლიური კვოტის შეთანხმება მოუწევს. კვოტირების ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებული იქნება კომპანიის წლიური ბრუნვაც, რომელიც თითოეულ უცხოელ თანამშრომელზე არანაკლებ 50 000 ლარს უნდა შეადგენდეს. საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებისთვის ეს ზღვარი თითოეულ უცხოელზე 35 000 ლარია. ამასთან, შენარჩუნდა შეღავათი ახლად დაფუძნებული კომპანიებისთვის. თუ კომპანიის რეგისტრაციიდან არაუმეტეს სამი თვეა გასული და მას არ ჰყავს სამზე მეტი უცხოელი დასაქმებული, ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აღარ მოეთხოვება“, - აღნიშნავენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები შეეხო თვითდასაქმებულ უცხოელებსაც. თუ მათი საქმიანობა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, ან მეწარმე ფიზიკურ პირთან არის დაკავშირებული, მათთვისაც მოქმედებს ანალოგიური - 50 ათასი ლარიანი ბრუნვის მოთხოვნა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ან მეწარმე ფიზიკური პირი არაუმეტეს სამი თვის წინ არის რეგისტრირებული, ბრუნვის შესახებ დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ იქნება.
ცნობისთვის, ცვლილებები არ შეხებია უკვე არსებულ წესს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი დასაქმება აეკრძალათ.
შეგახსენებთ, საქართველოში „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები 2026 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით ხდება. „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესი“ კი, რომელიც აპრილის თვეში განახლდა, ოფიციალურად ძალაში 9 ივლისიდან შევიდა.