Galt & Taggart-ის ცნობით, საქართველოს განათლების სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ დარგად ჩამოყალიბდა. კერძოდ, 2019-2025 წლებში სექტორის შემოსავლები გაორმაგდა, ხოლო ხოლო მისი წილი მშპ-ში 2019 წლის 4.5%-დან 2025 წელს 6.4%-მდე გაიზარდა.
ანგარიშის მიხედვით, განათლების სექტორი ოთხ ძირითად სეგმენტს მოიცავს:
ზოგადი განათლება – ₾2.1 მლრდ;
უმაღლესი განათლება – ₾1.3 მლრდ;
სკოლამდელი განათლება – ₾0.7 მლრდ;
სხვა საგანმანათლებლო მომსახურებები – ₾0.2 მლრდ
"სექტორის შემოსავლების ზრდის მთავარი წყარო ზოგადი და უმაღლესი განათლება იყო. თუმცა ზრდა სხვა ქვე-სექტორებშიც დაფიქსირდა. ზოგადი განათლების ზრდა განპირობებული ძირითადად სახელმწიფო დაფინანსებით იყო, ხოლო უმაღლესი განათლების ზრდა კერძო დანახარჯების გამო მოხდა, განსაკუთრებით უცხოელი სტუდენტების მხრიდან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დაბალი ანაზღაურების პირობებში სექტორის გამოწვევად რჩება მასწავლებელთა ასაკობრივი სტრუქტურა და ახალი კადრების შემოდინების ნაკლებობა.
"ზოგადი განათლების სექტორის შემოსავალი 2019-2025 წლებში საშუალოდ წლიურად 14.4%-ით იზრდებოდა და 2025 წელს ₾2.1 მლრდ-ს მიაღწია. ზოგადი განათლების სექტორის შემოსავლების 74.9% (₾1.6 მლრდ) საჯარო სკოლებს უჭირავს. ამასთან, კერძო სკოლების შემოსავლები 2019-2025 წლებში გაორმაგდა და 2025 წელს ₾526 მლნ გახდა, რასაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა რაოდენობის ზრდამ, სწავლის საფასურის მატებამ და ძვირადღირებული სკოლების გაფართოებამ. შობადობის კლებადი ტენდენციის გათვალისწინებით, საშუალოვადიან პერიოდში კერძო სკოლების შემოსავლების ზრდა უფრო მეტად დამოკიდებულია ბაზრის წილის ზრდასა და მოთხოვნის ახალ წყაროებზე.
ბოლო წლებში საჯარო სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების ზრდამ ნაწილობრივ კერძო სკოლებზეც იქონია გავლენა, რამაც მათი საოპერაციო ხარჯები გაზარდა და მომგებიანობაზე უარყოფითად იმოქმედა. მზარდი ხარჯები გამოწვევებს განსაკუთრებით მცირე და ნაკლებად ეფექტიან ოპერატორებს უქმნის, რაც სექტორში კონსოლიდაციის პოტენციალს ქმნის", - ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება უმაღლესი განათლების სექტორს. აღნიშნილი სფეროს შემოსავალი 2019-2025 წლებში საშუალოდ წლიურად 11.5%-ით იზრდებოდა და 2025 წელს ₾1.3 მლრდ-ს მიაღწია, რაც ძირითადად ქვეყანაში უცხოელი სტუდენტების შემოდინებამ გამოიწვია.
მათივე ცნობით, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა 2019-2025 წლებში გასამმაგდა და 44 ათასს მიაღწია, რის შედეგადაც მათი წილი სტუდენტთა მთლიან რაოდენობაში 19.8%-მდე გაიზარდა.
"ხელმისაწვდომობისა და ცხოვრების შედარებით დაბალი ხარჯების ფონზე, საქართველო საერთაშორისო სტუდენტებისთვის კონკურენტულ მიმართულებად ჩამოყალიბდა. თუმცა, სექტორი სულ უფრო მეტად კონცენტრირებული ხდება, უცხოელი სტუდენტების 53.8% ინდოეთიდანაა, რომელთა უდიდესი ნაწილი ჯანდაცვის მიმართულებით სწავლობს. აღნიშნული ზრდის დამოკიდებულებას როგორც ერთ კონკრეტულ ბაზარზე, ისე აკადემიურ მიმართულებაზე, რის გამოც სტუდენტების დივერსიფიკაცია წარმოშობის ქვეყნისა და სასწავლო პროგრამის მიხედვით, სექტორისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად იქცევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
კვლევის მიხედვით, ადგილობრივ ბაზარზე კურსდამთავრებულების პროფილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს ვერ შეესაბამება. კერძოდ, საქართველო გამოირჩევა ბიზნესის, სამართლისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებზე სტუდენტების უჩვეულოდ მაღალი წილით. ხოლო განათლების, პროფესიული და ტექნიკური მიმართულებების სტუდენტების წილი მნიშვნელოვნად დაბალია.
"აღნიშნული შეუსაბამობა დასაქმების მაჩვენებლებზეც აისახება – საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე პირებში უმუშევრობის დონე 11%-ს შეადგენს, მაშინ, როცა OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 4.8%-ია.
2026 წლის უმაღლესი განათლების რეფორმა მიზნად ისახავს არსებული სტრუქტურული შეუსაბამობების შემცირებას. კერძოდ, მიმართულებების მეტ სპეციალიზაციას, პროგრამების სტრუქტურის ცვლილებას და საჯარო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვას. ცვლილებებმა შესაძლოა გააუმჯობესოს რესურსების განაწილება და განათლების შესაბამისობა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან, თუმცა საბოლოო ეფექტი განხორციელების ხარისხზე იქნება დამოკიდებული", - ნათქვამია კვლევაში.