logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1784303568

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ბიზნესპარტნიორი" უცვლელად გთავაზობთ: 

"კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, საქართველოს მთავრობამ თბილისში მდებარე სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე 3,237 კვადრატული მეტი ფართი სიმბოლურ ფასად გაასხვისა.

სინამდვილეში, საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.

ყოველივე ზემოაღნიშნული ადასტურებს, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა ან მარტივი ჭეშმარიტების დადგენა ვერ შეძლეს, ან მათ უხეშად მანიპულაციური ინფორმაცია სრულიად შეგნებულად გაავრცელეს.

2024 წლის 8 თებერვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სრულად აღკვეთა სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად და პირდაპირი ფორმით გასხვისების პრაქტიკა და ამ პრინციპის ერთგული დარჩება მომავალშიც.

მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას, არასწორი და უხეშად მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან მომავალში თავი შეიკავონ,"-ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გამოგვყევით