საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარმა 5.8 მილიარდ დოლარს მიაღწია - ბოლო 6 წელში ბაზრის საშუალო წლიური ზრდა 11%-ის ფარგლებშია.
"თიბისი კაპიტალის" უახლესი კვლევის თანახმად, სექტორში შეცვლილია მთავარი ტენდენცია - მოთხოვნამ კარკასული მშენებლობიდან სარემონტო და მოსაპირკეთებელ მასალებზე გადაინაცვლა.
ინფრასტრუქტურული პროექტების შენელების გამო, სექტორის ბრუნვა 15.1-მილიარდიან პიკურ მაჩვენებელს ცოტათი ჩამოსცილდა და 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა. პარალელურად, მატულობს წნეხი ხარჯებზე - საქონელს, პერსოანალსა და მომსახურებაზე გაზრდილ ხარჯებს, ტრანსპორტირებისა და ელექტროენერგიის გაძვირებაც ემატება. იცვლება პროექტების მასშტაბიც - გასულ წელს გაცემული ნებართვების ფართობი 5%-ით შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ნებართვების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა შემცირებულია პროექტების საშუალო ზომა. ბაზარზე კვლავ მაღალია იმპორტდამოკიდებულებაც.
კვლევის თანახმად, ადგილობრივი წარმოება ძირითადად ცემენტსა და ბეტონს ფარავს, ხოლო სარემონტო მასალები თურქეთიდან და ჩინეთიდან შემოდის.
რაც შეეხება სექტორის ზრდას, წინა წლების 18%-იანი ნახტომის შემდეგ ის 5%-მდე დასტაბილურდა. მშენებლობისა და უძრავი ქონების წილი კი საქართველოს ეკონომიკაში 17%-ს შეადგენს.