მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, „შუა დერეფნის“ (TCTC) განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის, ხოლო დასაქმების მაჩვენებელს - 0.79%-ით.
სავაჭრო მოდელირება აჩვენებს, რომ დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის ვაჭრობის ღირებულება 2023-დან 2040 წლამდე 1.5-ჯერ, ხოლო მოცულობა 60%- ით გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ღირებულების საქონლის წილი დროთა განმავლობაში იმატებს, საექსპორტო კალათაში კვლავ ნახშირწყალბადები, ლითონები და ნაყარი ტვირთები სჭარბობს.
ანგარიშის მიხედვით, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ფონზე, ტრანსკასპიური ტვირთების საერთო მოცულობა 2023 წლის 8.8 მილიონი ტონიდან 2040 წლისთვის 32.1 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამავე პერიოდში, დერეფნის აღმოსავლეთის კარიბჭის ტვირთბრუნვა 28.5 მილიონიდან 105.7 მილიონ ტონამდე გაფართოვდება, ხოლო დასავლეთის კარიბჭისა - 12.1 მილიონიდან 35.0 მილიონ ტონამდე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა სამჯერ და მეტად გაზარდოს სავაჭრო მოცულობები მარშრუტზე, გაანახევროს ტრანსპორტირების დრო, რეგიონის მშპ 3.3%-ით გაზარდოს და 2 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შექმნას. იმ შემთხვევაში, თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თან დაერთვება სავაჭრო და სატრანსპორტო რეფორმები, დერეფნის მოცულობა შესაძლოა გაოთხმაგდეს, ხოლო გადაზიდვის დრო ორ მესამედით შემცირდეს. ეს სარგებელი შეეხება დერეფნის გასწვრივ მდებარე ცხრა ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანს, სომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს.
2040 წლამდე დერეფნის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისთვის 55 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო. აქედან 25 მილიარდი დოლარი უშუალოდ ფიზიკურ ინფრასტრუქტურას - სარკინიგზო ქსელებს, საზღვაო პორტებსა და მიმყვან გზებს მოხმარდება. დარჩენილი 30 მილიარდი დოლარი კი „ხელშემწყობ“ ინვესტიციებს მოიცავს, როგორიცაა დამაკავშირებელი გზები, ლოგისტიკური ჰაბები, შიდა ტერმინალები, მოძრავი შემადგენლობა და ციფრული სისტემები.
მსოფლიო ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დერეფნის წარმატება საბოლოო ჯამში დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად ითანამშრომლებენ ქვეყნები და ოპერატორები საზღვარზე შეყოვნებების შესამცირებლად, დოკუმენტაციის გამარტივებისა და სანდო სერვისების უზრუნველსაყოფად.