logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"გაყიდვები ყოველწლიურად 20-30%-ით გვეზრდება" - "პარიკების ოთახი"

ადგილობრივ ბაზარზე ქართული, ბუნებრივი თმით წარმოებული პარიკების რეალიზაცია იზრდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანია „პარიკების ოთახის“ დამფუძნებელმა, გვანცა ინასარიძემ განუცხადა, გაყიდვები წლიდან წლამდე, საშუალოდ, 20-30%-ით ეზრდებათ.

„ადგილობრივი ნაწარმი იმპორტირებულ პროდუქციასთან სულ უფრო აქტიურ კონკურენციაში შედის. მიზეზი ჩვენი ნედლეულის, ანუ კავკასიური თმის უმაღლესი ხარისხია, რითაც ის სრულიად უნიკალური და გამორჩეულია. აქედან გამომდინარე, კავკასიური თმით წარმოებულ პარიკებზე მოთხოვნა მაღალია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე“, - აღნიშნა გვანცა ინასარიძემ.

მისივე თქმით, სხვადასხვა დროს, „პარიკების ოთახი“ ექსპორტზე გასულა როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე აშშ-ში.

„ჩვენს პროდუქციაზე განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ქართველი ემიგრანტების მხრიდან. მათთვის ჩვენი პარიკები გაგვიგზავნია როგორც იტალიაში, ისე საფრანგეთსა და გერმანიაში. ასევე, გვქონია საექსპორტო გამოცდილება აშშ-ს ბაზარზეც“, - განმარტა „პარიკების ოთახის“ დამფუძნებელმა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია სამომავლოდ საექსპორტო მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერებას გეგმავს. ამ მიზნით კი, წარმოების გასაფართოებლად, დამატებითი ინვესტიციების განხორციელებას განიხილავს.

გამოგვყევით