Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. საუბარი კომპანიის ეკონომიკურ ეფექტსა და განვითარების გეგმებს შეეხო.
"დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და გამეცნო Kursi.ge-ს განვითარების შედეგები და მისი ეკონომიკური ეფექტი: 2025 წლის იანვრიდან მოსახლეობამ და ბიზნესმა დაახლოებით 350 მილიონი ლარი დაზოგა, GITA-ს გრანტის ფარგლებში მიღებულ ყოველ 1 ლარზე ეკონომიკური ეფექტი დაახლოებით 2,300 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ხელს ვუწყობთ როგორც ფინანსურ სექტორში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას, ისე ციფრული ტრანზაქციები ეტაპობრივად ანაცვლებს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას,"-აცხადებს გიორგი აგლაძე.
მისივე განცხადებით, Kursi.ge გეგმით ჯამში, 2025–2029 წლებში 1.5 მილიარდი ლარის დაზოგვას შეძლებს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის. როგორც გიორგი აგლაძე აცხადებს, Kursi.ge-მ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფო მხარდაჭერის რამდენიმე მექანიზმით ისარგებლა.მათ შორის კომპანია არის GITA-ს გრანტის ბენეფიციარი, აქვს „ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსი. მისივე განცხადებით, კომპანიამ საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციური სენდბოქსით ისარგებლა.
გიორგი აგლაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრმა კომპანიის სამომავლო განვითარების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
"მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს მთავრობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და სტარტაპ-ეკოსისტემისა და ფინტექ სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის. წინ კიდევ ბევრი საქმე გველის,"-აღნიშნავს გიორგი აგლაძე.