საჯარო სექტორში ხელფასები მოიმატებს. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა, ბიუჯეტის პროექტის პირველადი რედაქციით, პრაქტიკულად, ყველა სამინისტროში ანაზღაურება იზრდება.
„ბიუჯეტი შემოდის სამ ეტაპად. პირველი ეტაპი არის 1-ელ ოქტომბრამდე, რომელიც ახლა შემოვიდა და მხოლოდ კომიტეტზეა. მეორე ეტაპი არის ნოემბერში და მესამე – დეკემბერში. ახლა რაც შემოვიდა ბიუჯეტი, არსებითად შეიცვლება მეორე და მესამე მოსმენაზე, თუნდაც იმიტომ, რომ მთავრობა დააკვირდება, რა შედეგებით დასრულდება ეკონომიკური ზრდა და შესრულება, როგორ ასრულებენ სამინისტროები სექტემბერ-ოქტომბერს და ამის შემდეგ უფრო ზუსტად იქნება განსაზღვრული ბიუჯეტის პარამეტრები.
ახლა რაც შემოვიდა და შეიძლება ვნახოთ, ეკონომიკური ზრდა არის 5%, ინფლაცია - 3%, ბიუჯეტის დეფიციტი - 2.5%, მთავრობის ვალი - 31.6%, რაც საუკეთესოა სამეზობლოში და ევროპაში. როგორც შარშან იყო, გრძელდება. იზრდება ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით, სახელმწიფო ბიუჯეტი - 1 მილიარდ 200 მილიონით.
ასევე, პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, პენსიებს კანონი ადგენს და ავტომატურად დაანგარიშდა. გამოდის შემდეგნაირად: 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატებათ და 555 ლარი გახდება. იგივე ასაკობრივი კატეგორიის მთაში მცხოვრებ პირებს 665 ლარი ექნებათ, ხოლო 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში პენსია 20 ლარით მოიმატებს. იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. როგორც იცით, მიბმულია 70 წელს ზემოთ და ქვემოთ შშმ პირებიც.
ამ ეტაპზე, საჯარო სექტორში ხელფასები 8.4%-ით მოიმატებს. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება. ეს არის წინასწარი მონაცემები. ორშაბათიდან დაიწყება კომიტეტებში განხილვები. პროფილური კომიტეტები თავიანთ სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს, რა შეიძლება დაემატოს ან გამოაკლდეს, და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ბიუჯეტი არის პირველადი და მეორე და მესამე მოსმენაზე გაიზრდება“, - განაცხადა კვიჟინაძემ.