logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

დღეიდან საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება - გადაწყვეტილების მიზეზები

დღეიდან საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება. ბირჟის ოპერატორი აღნიშნულ ბაზარზე ოპერირებას მომდევნო წლის პირველი ივლისიდან გააგრძელებს. მანამდე კი გარიგებები მხოლოდ დღით ადრე დაიდება.

როგორც ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას განმარტა,  ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობის შეჩერების მიზეზი ბიზნესის მხრიდან აღნიშნულ ბაზარზე გარიგებების მიმართ დაბალი ინტერესი გახდა.

“როგორც იცით, 2024 წლის ზაფხულიდან ბაზრის მონაწილეებისთვის ორივე სეგმენტი, როგორც დღით ადრე, ისე დღიური ბაზარი გახდა ხელმისაწვდომი. პრაქტიკა აჩვენებდა, რომ მონაწილეებისთვის დღით ადრე ვაჭრობა უფრო მოსახერხებელი იყო. ზაფხულის პერიოდში დღიურ ბაზარზე ვაჭრობა ფაქტიურად არ დაფიქსირებულა და მხოლოდ ერთი გარიგება დაიდო. ამას არ დავარქმევდი უკუსვლას, უბრალოდ, ის სეგმენტი, რომელიც იყო შეთავაზებული სექტორმა ის არ მიიღო ისე ინტენსიურად, როგორც დღით ადრე ბაზარი. სწორედ ამ სეგმენტზე ვაჭრობა ამ ეტაპზე არის შეჩერებული. სამიზნე მოდელში მყისიერად მოხდება ამ ბაზრის ხელმეორედ ამოქმედება და ის მონაწილეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ამ სეგმენტზე, მათი რეგისტრაციაც ავტომატურად გაგრძელდება,”-აღნიშნა ირაკლი გალდავამ.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა  ამ დრომდე გარდამავალი მოდელით მუშაობს. ელექტროენერგიის სავაჭრო პლატფორმა სრულად 2027 წლის ივლისში უნდა გაიხსნას. რაც იმას ნიშნავს, რომ ბირჟას უნდა დაემატოს საათობრივი დაბალანსების შესაძლებლობა და საბალანსო ბაზარი.

“სამიზნე მოდელზე გადასვლა ითვალისწინებს საათობრივი დაბალანსების ამოქმედებას, საბალანსო ბაზრის ამოქმედებას, რომელიც ამ ეტაპზე დაგეგმილია 2027 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა შეიძლება მოხდეს ამ პერიოდისთვის.”-აღნიშნა ირაკლი გალდავამ.

ენერგობირჟის მონაცემების თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში, დღით ადრე ბაზარზე, მონაწილეებმა 41 000 მეგავატ საათი ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის რაოდენობის ნახევარზე ნაკლებია.

გამოგვყევით