„მუკუზანი ღვინის სარდაფის“ მთავარი მეღვინე ვაკო ქათამაძე დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემის 10-ლარიანი საფასური მცირე მარნებს არ შეეხებათ.
როგორც ვაკო ქათამაძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მცირე მარნების განვითარებას და კონკურენციის ზრდას.
„მცირე მარნებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ეს საფასური გადაიხადონ. ხანდახან ერთი ან სამი ყუთი იყიდება და ყველაფერზე 10 ლარის გადახდა ძალიან ძვირი გამოგვივა. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რომ მცირე მარნებისთვის საფასური გაუქმდა.
მიმაჩნია, რომ სერტიფიცირება აუცილებელია, რადგან ეს განსაზღვრავს ხარისხს და იმას, თუ რამდენი ბოთლი ჩამოისხა, რამდენი გაიყიდა და ა.შ. აღრიცხვა თუ არ მოხდა, ხარისხს ვერ გავაუმჯობესებთ.
აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის ზრდას ხელს შეუწყობს. ვფიქრობ, ეს აუცილებელია და დადებითად აისახება მცირე მარნების მუშაობაზე. მცირე მარნებს დიდ საწარმოებს ვერ შევადარებთ, რადგან ისინი სულ სხვანაირად მუშაობენ და ხარისხიც განსხვავებულია“, -განაცხადა ვაკო ქათამაძემ.
ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ფასიანი გახდა და ერთი განაცხადის საფასური 10 ლარს შეადგენს. მთავრობის დადგენილებით, ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელების შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემის საფასური (10 ლარი) მცირე მარნებს აღარ შეეხებათ.