ღვინის ეროვნულ სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი ჩინური მარკეტინგულ კომპანიის „Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology Co” ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა ქალაქ შანხაიში გაიმართა.
ღონისძიების მიზანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაციის ხელშეწყობა იყო.
ქართული ღვინის წარდგენას ადგილობრივი მედიისა და ღვინის ინდუსტრიის 30-მდე წარმომადგენელი დაესწრო. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული მეღვინეობის უძველეს ისტორიას, უნიკალურ ტრადიციებსა და თანამედროვე ღვინის კულტურას.
შანხაი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავარი ფინანსური და ეკონომიკური ცენტრია და აზიის მასშტაბით, ახალი სავაჭრო კავშირების დასამყარებლად უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა.
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი წარდგენა ქვეყანაში, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია; ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ექსპორტირებულია 2,2 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7%-ით აღემატება.