კაკლის რთველი აქტიურ ფაზაშია. კომპანია “რონი”, გასულ წელან შედარებით, წელს 100 ტონით მეტ, 350 ტონა მოსავალს ელოდება.
კომპანიის დამფუძნებელი გურამ ნაკაშიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, რომ საწარმო დღეში დაახლოებით 15-20 ტონა კაკალს ამუშავებს და მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე იმდენად მაღალია, რომ რეალიზაციაც ადგილზევე ხდება, თუმცა თანამშრომლობენ ისეთ კომპანიებთანაც, რომლებსაც თავის მხრივ დამუშავებული პროდუქტი ექსპორტზეც გააქვთ.
"კაკლის რთველი სექტემბერში დაიწყო და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. საწარმომ უკვე 200 ტონა კაკალი გადაამუშავა, რომლის ძირითადი ნაწილი, 120 ტონა გაყიდულია. ბაღების გაფართოებაც გვაქვს გეგმაში. 18 ჰექტარის დამატება გვინდა, სადაც ძირითადად ჩანდლერის ჯიშს გავაშენებთ. გაფართოება კერძო ინვესტიციით იგეგმება და შემდეგ უკვე სახელმწიფოს თანადაფინანსებით. თუ გარემო ფაქტორებმა ხელი არ შეგვიშალა ამ გეგმას წელს განვახორციელებთ."- ამბობს გურამ ნაკაშიძე.
რაც შეეხება პროდუქციის ფასს, საწარმოს წარმომადგენლის თქმით, სასუქებისა და საწვავის ხარჯების ზრდის მიუხედავად, უმნიშვნელოდ, 6%-მდე გაიზარდა და ხარისხის მიხედვით, საბითუმო ფასი, 9 ლარიდან 11 ლარის ფარგლებშია.
ამ ეტაპზე დედოფლისწყაროში კაკლის ბაღების ფართობი 80 ჰექტარს აჭარბებს, სადაც 3 ჯიშია გაშენებული. რეალიზაცია, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სრულად ადგილობრივ ბაზარზე ხდება.