გამყვანი ტურიზმის ბაზარზე ახალი მიმართულება გააქტიურდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Go Tour-ის დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განუცხადა, მომხმარებლების მხრიდან განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა დოჰას ტურები, უმეტესად დაბალი ფასების გამო.
„შემოდგომა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მოთხოვნადია როგორც ტრადიციული მიმართულებები, ისე ახალი ტურისტული ბაზრები. მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კატარის დედაქალაქ - დოჰაზე, რა მიმართულებითაც მომხმარებლებს სრულ სამოგზაურო პაკეტებს ვთავაზობთ. დაბალმა ღირებულებამ, ასევე მოქნილმა და კომფორტულმა პირობებმა ეს მიმართულება ქართველ მოგზაურებს შორის საკმაოდ პოპულარული გახადა. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ისინი კვლავ რჩება შემოდგომა-ზამთრის სეზონზე საქართველოს მოქალაქეების ფავორიტ სამოგზაურო მიმართულებებად“, - აღნიშნა ნინო წიკლაურმა.
მისივე თქმით, გასულ თვეებში იყო გარკვეული შენელება ამ კუთხით, მოგზაურების ნაწილი ნაადრევი ჯავშნებისგან თავს იკავებდა, რასაც ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებული რისკები განაპირობებდა. თუმცა, გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიების ინფორმაციით, ამ ეტაპმა შედარებით გადაიარა და მათმა მომხმარებლებმა ისევ გააქტიურეს ჯავშნები ისეთი ევროპული ქვეყნებისკენ, როგორებიცაა - საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი და სხვაა…. მიზეზი საშობაო პერიოდი და ევროპული საშობაო ბაზრობებია. მეტიც, უკვე დაწყებულია გაზაფხულის ჯავშნების მიღებაც, რაც საბოლოო ჯამში, გაყიდული ტურისტული პაკეტების რაოდენობაზე აისახა და ამ კუთხით, კომპანიები ზრდის ტენდენციაზე მიუთითებენ.
ის, რომ საქართველოდან ტურისტული ვიზიტები გაზრდილია მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლებიც. კერძოდ, 2025 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 412 ათასზე მეტი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც თითქმის 3 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ტურისტული პაკეტების ფასებს, გამყვან ტურიზმზე მომუშავე კომპანიებში ამბობენ, რომ ჯამურად, წინა წელთან შედარებით, ტურისტული პაკეტები 10-15%-ის ფარგლებშია გაძვირებული, რასაც ლარის კურსის მერყეობის გარდა, გლობალური ფაქტორები განაპირობებს, მათ შორის - სასტუმროების სერვისი გაძვირება, ფასების მატება საავიაციო საწვავზე და სხვა…
ტუროპერატორები პროგნოზებზეც საუბრობენ და ელიან, რომ ბაზარზე ამჟამად არსებული საფასო პოლიტიკა შენარჩუნდება და 2026 წელს ტურისტული პაკეტების ღირებულება მკვეთრად არ შეიცვლება.