2025 წლის 9 თვეში FMCG ბაზარი წლიურად 10.0%-ით გაიზარდა და 17.9 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ბრენდული ქსელების შემოსავალმა 7.5 მილიარდილარი შეადგინა (ბაზრის 41.8%), რაც წლიურად 11.6%-იანი ზრდაა. ამის შესახებ galt & Taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო არსებული მაღაზიების გაყიდვების ზრდით და რეგიონალური ექსპანსიით. ამასთან, სხვა სავაჭრო ფორმატების შემოსავლები წლიურად 8.9%-ით გაიზარდა.
ბრენდული მაღაზიების რაოდენობით რეგიონებმა გადაუსწრეს თბილისს. 2025 წლის 9 თვეში რეგიონებში 2,137 ბრენდული ქსელების მაღაზია ოპერირებდა, რაც წინა წელთან შედარებით 76 ერთეულით არის გაზრდილი და უკვე აღემატება თბილისის მაჩვენებელს (2,055 მაღაზია, სადაც ზრდა 9 მაღაზია იყო). შედეგად, რეგიონებში ბრენდული ქსელების შემოსავლები 2025 წლის 9 თვეში წლიურად 16.6%-ით გაიზარდა, ხოლო თბილისში ზრდამ 7.9% შეადგინა.
დეილი ჯგუფი რჩება ბაზრის უპირობო ლიდერად. მისი წილი ბრენდული ქსელების შემოსავლებში განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში, ხოლო თბილისში მცირედით უსწრებს ძირითად კონკურენტებს. დეილი ჯგუფის წილი შეადგენს ჯამური ბაზრის 29.1%-ს (რეგიონებში - 41.4%, თბილისში - 19.3%). ბაზრის მეორე პოზიციაზე გადავიდა ორი ნაბიჯი ბრენდული ბაზარის 18.1%-იანი წილით (თბილისში - 19.3%, რეგიონებში - 16.6%). მესამე ადგილზეა ნიკორა ჯგუფი 16.3%-იანი წილით (თბილისში - 19.0%, რეგიონებში - 13.0%). კარფური და აგროჰაბი მეოთხე და მეხუთე ადგილებს იკავებენ, შესაბამისად.
საერთო ჯამში, 2025 წლის 9 თვეში, ტოპ-5 კომპანიის წილი ბრენდული ქსელების შემოსავლებში 76.0%-ს შეადგენდა.