საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ გამართულ IV საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას 20-მდე ქვეყნის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციებისა (World Bank, UNCTAD, OECD, ICN, ICPEN, Consumers International) და ადგილობრივი სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე ნათია თურნავამ კონკურენციის ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ეროვნული ბანკის როლსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ სფეროში ეროვნული ბანკის მიზანია არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, არამედ ბაზრის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
„ჩვენთვის მთავარია სწორ ბალანსზე ყოფნა. ერთი მხრივ, საფინანსო სისტემის სტაბილურობა, მეორე მხრივ კი, კონკურენციის ხელშეწყობა. სწორედ ამ ორი მიმართულების სინთეზზე დგას ეროვნული ბანკის პოლიტიკა,“ - განაცხადა მან.
ნათია თურნავას გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო ფინანსური განათლების მნიშვნელობა მომხმარებელთა დაცვის კონტექსტში.
„ინფორმირებული მომხმარებელი ყველაზე მეტად დაცულია. ამიტომ განსაკუთრებულად ვაქცევთ ყურადღებას ფინანსური განათლების პროგრამებს, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, რათა ბავშვობიდანვე ჰქონდეთ ცოდნა და უნარები საკუთარი უფლებების დასაცავად,“ - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავას განცხადებით, ბოლო წლებში ეროვნულ ბანკში გაძლიერდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის საქმიანობა, რომელსაც დაემატა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის მიმართულება. აღნიშნული ცვლილებები შესაძლებელს ხდის უფრო პროაქტიულ და რისკებზე დაფუძნებულ მონიტორინგს როგორც კომერციულ ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და სხვა საფინანსო სუბიექტებში.
ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ეროვნული ბანკში მოქმედ დავების განმხილველ კომისიაზე, რომელიც საგადახდო სფეროში არსებულ მომხმარებელთა საჩივრებს განიხილავს.
„კომისიამ ორი წლის განმავლობაში 91 საჩივარი მიიღო, რომელთაგან ნახევარზე მეტი მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. საერთო ჯამში მომხმარებლებს აუნაზღაურდათ 600 ათას ლარზე მეტი,“ - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალ მეწარმეთა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხზეც. მისი თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს ახალი პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ქალ მეწარმეებისთვის დამატებითი ფინანსური შესაძლებლობების შექმნას.
კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერებას, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას და ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.