logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ქსელურ მარკეტებში იმპორტირებულ საქონელს კონკურენციას ვერ ვუწევთ, რადგან საკმარისი შიდა წარმოება არ გვაქვს" - "სამყურა"

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, წნორში არსებული ბიო მეურნეობა "სამყურას" დამფუძნებლის, ნიკა ბაგალიშვილის ინფორმაციით, ქსელურ მარკეტებში განთავსებულ იმპორტირებულ საქონელს ადგილობრივი პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს, რადგან ქვეყანას საკუთარი შიდა წარმოება და საკმარისი საწარმოები არ აქვს.

როგორც მეწარმემ "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, სოფლის მეურნეობა ტექნოლოგიური თვალსაზრისითაც უნდა განვითარდეს, რომ ბაზარზე საკუთარი ადგილი დაიკავოს.

"ქვეყანაში შემოტანილი პროდუქცია უფრო იაფი ღირს, რადგან ჩვენ შიდა წარმოება არ გვაქვს, საკმარისი ცოდნაც არ გაგვაჩნია, საწარმოებიც გვაკლია. შესაბამისად, თუ რამეს ვაწარმოებთ ისიც ძვირი გვიჯდება. ქსელურ მარკეტებში იმპორტირებულ პროდუქციას კონკურენციას ვერ გავუწევთ. იმპორტირებულ საქონელს წარმოიდგინეთ, ტრანსპორტირება, საბაჟო გადასახადი ემატება, თუმცა მაინც უფრო იაფი ღირს. პრობლემა - ცოდნასა და ტექნოლოგიებშია", - აცხადებს ნიკა ბაგალიშვილი.

ბიო მეურნეობის დამფუძნებელი ქსელურ მარკეტებში პროდუქციის განთავსების საკითხსაც განიხილავს და ხაზს უსვამს, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები, რაც სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს.

მისივე თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

"ზოგადად, სოფლის მეურნეობის კუთხით - სათბურის, მეფუტკრეობის და ა.შ. მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ საკმარისად ვერ ვავითარებთ. ზოგად ჭრილში, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის განთავსება ჩვეულებრივი ბიზნესია, კერძოდ, თუ რაღაცას აწარმოებ გაყიდვაც უნდა შეგეძლოს. სუპერმარკეტებს მუდმივობა სჭირდებათ, ფასებთან მიმართებით კი, ზოგს აწყობს აღნიშნული გადასახადი, ზოგს არა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა. საერთო ჯამში, ბიზნესი თავად წყვეტს უღირს, თუ არა ობიექტთან თანამშრომლობის გაგრძელება. ასევე შეიძლება, პირობითად ქსელურ მარკეტს, რომელიმე კომპანიასთან თანამშრომლობა დაწყებული ჰქონდეს, მაგრამ სხვამ დიდი რაოდენობის პროდუქცია უფრო იაფად შესთავაზოს და სუპერმარკეტს ძველ მეწარმესთან თანამშრომლობა აღარ უღირდეს, ეს ყველაფერი სახელმწიფოს მიერაა დასარეგულირებელი", - აღნიშნავს "სამყურას" დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ბიო წარმოება "სამყურა" კახეთში, სოფელ წნორში მდებარეობს და ორგანულ ხილსა და ბოსტნეულს 2018 წლიდან აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ ქსელურ მარკეტებთან მიმართებით უარყოფითი პოზიცია, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ. მათ შორისაა "ჩირჩხელას" აღმასრულებელი დირექტორი, ირმა კვაჭანტირაძე. მეწარმის განცხადებით, კომპანიას ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება სურს, თუმცა სუპერმარკეტებში პროდუქციის შეტანა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის შეტანაზე - კერძოდ, თითოეული სახეობის მარკეტის თაროზე განთავსებისთვის 1500 ლარია გადასახადი, რაც საკმაოდ ძვირია.

გარდა ამისა, ქსელური მარკეტების მაღალ გადასახადებზე "ბიზნესპარტნიორთანსათამაშოების ნაკრების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია "ქართული თემის დამფუძნებელმა მანუჩარ ლობჟანიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფომ კანონი უნდა მიიღოს, რომ ქსელურ მარკეტებს 5%-ზე მაღალი "ქეშბექის" მოთხოვნის საშუალება არ ჰქონდეთ.

 

პროკურატურამ სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

გამოგვყევით