კონფერენცია ეხმაურება კონკურენციის საერთაშორისო დღეს, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 5 დეკემბერს აღინიშნება. კონფერენციის მიზანია, საზოგადოებასთან ერთად განიხილოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სფეროში მიღწეული შედეგები და გამოწვევები, - ამის შესახებ GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ IV საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, 2-დღიანი კონფერენცია 350-მდე დელეგატს, 50-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერს და წარმომადგენლობითი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მაღალი დონის სტუმრებს აერთიანებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
“კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება 10 პანელი, მათ შორის ერთი სპეციალური პანელი, რომელიც შეეხება ჯანდაცვის სფეროში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მიმართულებას და მასში მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სარჯველაძე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,”- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე განცხადებით, კონფერენციაში მონაწილეობენ დელეგაციები, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, სინგაპურიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან, უზბეკეთიდან, კატარიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან და აზერბაიჯანიდან.
GCCA-ის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილე უცხოელ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო კონფერენციაში მათი მონაწილეობის მნიშვნელობას.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძემ და UNCTAD-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის ხელმძღვანელმა ტერესა მორეირამ.
საერთაშორისო კონფერენცია - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება და მასში მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების - World Bank-ის, UNCTAD-ის, OECD-ის, ICN-ის, ICPEN-ის და Consumers International-ის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.
3-დღიანი კონფერენციის ფარგლებში, 10 პანელური დისკუსია, მათ შორის 3 - საერთაშორისო და ერთი სექტორული კვლევის პრეზენტაციაა დაგეგმილი. მსჯელობაში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, საჯარო უწყებების, აკადემიური წრეების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გაძლიერებასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.
ღონისძიება კონკურენციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი მასშტაბური აქტივობაა. კონკურენციის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 5 დეკემბერს აღნიშნავს და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აღნიშნულ თარიღს მე-5 წელია აქტიური ღონისძიებებით უერთდება.