მაისი-ივნისის პერიოდში სასტუმრო თითქმის სრულად დაჯავშნილია, - ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში მდებარე ტურისტული კომპლექსის "ვილაჯიო მირზაანი რეზორტის" დამფუძნებელმა რატი ტოკლიკიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროს გაყიდვები თითქმის გაორმაგდა.
"მიმდინარე პერიოდში, სასტუმრო 70%-იანი დატვირთვით მუშაობს. ჩვენი მომხმარებლების 95% ქართველია, ხოლო 5% - უცხოელი. აქტიურად შემოდის წინასწარი ჯავშნები. ძირითადად, სასტუმრო ბანკეტებისთვის იჯავშნება. ჩვენი ვიზიტორების რაოდენობა რესტორნის ნაწილში გასამმაგდა, ხოლო სასტუმროს ნაწილში 30-40%-ით გაიზარდა.
აქტიურად ვმუშაობთ, რათა უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი. ამჟამად მიმდინარეობს ღია აუზის მშენებლობა, რომელიც ზაფხულის სეზონზე მზად იქნება. გარდა ამისა, სასტუმროს ტერიტორიაზე ვგეგმავთ Glamping-ის დამატებას, რაც ვფიქრობთ მოთხოვნადი იქნება", - აცხადებს რატი ტოკლიკიშვილი.
ცნობისთვის "ვილაჯიო მირზაანი რეზორტი" 2022 წელს გაიხსნა. საწყისი კაპიტალი ₾ 225 000 იყო, საიდანაც 170 000 სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება შეადგენდა. ტურისტული კომპლექსი 1 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. სასტუმრო კომპლექსი 10 ხის კოტეჯს, 15-ნომრიან სასტუმროს, ღვინის მარანს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სკვერს, საფოტოსესიო სივრცეებს, ივენთჰოლს, სადეგუსტაციო სივრცესა და ბარს მოიცავს.