საქართველოში, მომხმარებლების უფლებების დაცვის კუთხით მიღებული განაცხადების რაოდენობა გაიზარდა, - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, წელს სააგენტოში, დაახლოებით, 57%-ით მეტი საჩივარი შევიდა და აქედან, მომხმარებლების სასარგებლოდ, საქმეების 90% გადაწყდა.
„რაც შეეხება კონკურენციის მიმართულებას, გაძლიერდა აღსრულება იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ მიიღო სხვადასხვა სექტორში, მათ შორის - ფარმაციის, საწვავის, რითეილის, ასევე აგროპროდუქტების სფეროში“, - განმარტა ირაკლი ლექვინაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა კონცენტრაციების კონტროლის საკითხზეც და თქვა, რომ ამჟამად, დადასტურებული აქვთ 18 კონცენტრაცია სხვადასხვა სექტორებიდან, სადაც წინა წლისგან განსხვავებით, წელს ლიდერობს მშენებლობა, მეორე პოზიციაზეა FMCG და რითეილის მიმართულება და ამ დროისთვის, 3 საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმის წარმოება.
ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა დემპინგის საკითხზეც და ამ კუთხით, არმატურის ბაზარი მიმოიხილა, რომლის მოკვლევაც სააგენტომ უკვე დაასრულა.
„ამ ეტაპზე, ანტიდემპინგური ტარიფის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილობა ვერ დავინახეთ. ქვეყანაში ისედაც მოქმედებს დამცავი ტარიფი, რომელიც ადგილობრივ არმატურის ინდუსტრიას მნიშვნელოვნად ეხმარება“, - აღნიშნა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ.
მან გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სამართლიანი კონკურენციის პრინციპების გაძლიერებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, კიდევ ბევრია სამუშაო, მათ შორის ცნობიერების ამაღლებისა და რისკის შემცველი ახალი ბაზრების გამოვლენის ნაწილში.
ცნობისთვის, ამჟამად, თბილისში კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომელსაც 350-მდე დელეგატი და 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი ესწრება, მათ შორის - ძალიან მაღალი დონის სტუმრები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
აღსანიშნავია, რომ ჯამში, კონფერენციაში მონაწილეობენ დელეგაციები 20-მდე ქვეყნიდან, კერძოდ - დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, სინგაპურიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციის ფარგლებში, 10 პანელური დისკუსია, მათ შორის 3 - საერთაშორისო და ერთი სექტორული კვლევის პრეზენტაციაა დაგეგმილი.
საერთაშორისო კონფერენცია ორდღიანია და ის 15 ნოემბერს დასრულდება.