logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საქართველოში უცხოელი ავტოდილერების გაკონტროლება დაიწყეს - "რამდენიმე ათეული პირი უკვე დაჯარიმებულია"

საქართველოში უცხოელი ავტოდილერების გაკონტროლება დაიწყეს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე აცხადებს, ამ დროისთვის, საგადასახადო ვალდებულებებისთვის თავის არიდების გამო, რამდენიმე ათეული არარეზიდენტი პირი უკვე დაჯარიმებულია.

„ბოლო 1 წლის განმავლობაში, ამ პრობლემაზე რომ ვსაუბრობდით, არ გადადგმულა რაიმე ქმედითი ნაბიჯი, დღევანდელ დღემდე. საუბარი მაქვს, არარეზიდენტ პირებზე და მათ არასამართლიან ჩართულობაზე ამ ბიზნესში. შემოსავლების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელობამ საკანონმდებლო ცვლილებების ნაცვლად, უფრო გამკაცრებული ადმინისტრირება შემოგვთავაზა. მათ დაიწყეს შემოწმება ბაზრობების, პროფილაქტიკების და უკვე დაჯარიმებულია რამდენიმე ათეული არარეზიდენტი პირი.

ჩვენი ინფორმაციით, ჯარიმების მოცულობა, დაახლოებით, მილიონ ლარს გადასცდა. გამოდის, რომ თითოეულ პირს რამდენიმე ათეული ათასი ლარის ჯარიმა გამოეწერა. ჯერჯერობით, ამ პროცესის შედეგებზე ნაადრევია საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ ეს პირველი მცდელობაა პრობლემის მოგვარების, თუმცა თუ გაგრძელდება მომავალშიც ეს შემოწმებები, აუცილებლად კარგ შედეგს გამოიღებს. უნდა მიხვდეს არარეზიდენტი პირი, უცხო ქვეყანაში რომ შემოდის, აქ არის საგადასახადო წესები, კანონმდებლობა, შეზღუდვები, საგადასახადო პასუხისმგებლობები და ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს. აქამდე არათანაბარ პირობებში ვიმყოფებოდით ჩვენ და უცხოელი დილერები, ამიტომ, კარგია რომ ეს პროცესი დაიწყო“, - აღნიშნა  ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ბოლო 1 წელია, საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაცია სახელმწიფოსგან ქართველი ავტოდილერების ხელშეწყობას აქტიურად ითხოვს და ხაზს უსვამს, რომ უმეტესად ყაზახი და ყირგიზი დილერების მხრიდან, ადგილი აქვს არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტებს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელ ალექსი ნონიაძეს არაერთხელ განუცხადებია, არარეზიდენტმა პირებმა საქართველოში არა მხოლოდ თვითონ დაიწყეს ავტომობილების ჩამოყვანა და ვაჭრობა ქართველი დილერების გვერდის ავლით, არამედ - საქართველოში საკუთარი ავტობაზრობები და ავტომომსახურების ცენტრებიც კი გახსნეს. ნონიაძის შეფასებითვე, ამის გამო, ბევრი ქართველი დილერი იძულება გახდა, ამ ბიზნესიდან გასულიყო.

გამოგვყევით