logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

"შათდაუნის" გამო აშშ-ის ტრანსპორტის ადმინისტრაცია 40 მთავარ აეროპორტში ფრენებს 10%-ით შეამცირებს

"შათდაუნის" გამო აშშ-ის ტრანსპორტის ადმინისტრაცია 40 მთავარ აეროპორტში ფრენებს 10%-ით შეამცირებს

1762414480

მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო აშშ-ის ტრანსპორტის ადმინისტრაცია 40 მთავარ აეროპორტში ფრენებს 10%-ით შეამცირებს.

ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 7 ნოემბერს, თუ მანამდე კონგრესში ე.წ. შათდაუნის დასრულების შესახებ არ შეთანხმდებიან.

როგორც აშშ-ის ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რადგან ავიადისპეტჩერების ნაწილი გადაღლილია. მათი განმარტებით, დისპეტჩერებს ხელფასი რამდენიმე თვეა, არ მიუღიათ, რის გამოც საავიაციო მიმოსვლის კონტროლზე პასუხისმგებელი დისპეტჩერების ნაწილი ბიულეტენზეა გასული, ნაწილი კი სხვა სამსახურებში დასაქმდა.

როგორც BBC  წერს, 7 ნოემბრიდან აშშ-ში თავდაპირველად შიდა ფრენების ოთხი პროცენტი შეჩერდება და შემდეგ დღეებში რეისების რაოდენობა თანმიმდევრულად შემცირდება. ჯერ უცნობია, რომელ ქალაქებს შეეხება შეზღუდვა. წინასწარი მონაცემებით, სულ გაუქმდება 3500-4000 ფრენა.

როგორც ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციაში განაცხადეს, ავიადისპეტჩერების ნაკლებობის მიუხედავად, ფრენები უსაფრთხოა და რეისების შემცირება ავიამიმოსვლის კონტროლის ეფექტურობის გაზრდას მოემსახურება.

უდიდესი ამერიკული ავიაკომპანიები მოუწოდებენ კონგრესს, დაძლიონ ჩიხი, რათა აშშ-ში ავიამიმოსვლა სრულფასოვნად იყოს შესაძლებელი.

ცნობისთვის, აშშ-ში მთავრობის მუშაობა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის სხვადასხვა საკითხზე შეუთანხმებლობის გამო არის შეჩერებული.

1tv.ge

გამოგვყევით