განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის ინფორმაციით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანას კვალიფიციური, კომპეტენტური ისტორიის მქონე ინვესტორი ჰყავდეს, რომელსაც ფინანსური მდგრადობა ექნება და შეეძლება - მზის, ქარის, ან ჰიდროელექტროსადგური ააშენოს.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში მაია მელიქიძე აღნიშნავს, აუცილებელია, კომპეტენტურმა პირებმა ინვესტორი მოსახლეობასთან კომუნიკაციაში მარტო არ დატოვონ.
"რეალურად მართვის ახალ სისტემაზე გადავდივართ. კერძო სექტორმა უნდა მოიტანოს ფული, ინვესტიციებს ვგულისხმობ, პროფესიონალები დაასაქმოს, ძალიან ბევრი კითხვაზე პასუხი უნდა მივიღოთ. დღეს რაც გვაკლია უფრო მკაფიო და მკვეთრი სტრატეგიაა.
აუცილებელია, ინვესტორი მოსახლეობასთან კომუნიკაციაში მარტო არ დავტოვოთ, რადგან ყოვლად წარმოუდგენელია ადგილობრივ მოსახლეობას ნდობა გაუჩნდეს, თუნდაც ის ქართველი იყოს - შუამავალი და მედიატორი ყოველთვის საჭიროა.
ამასთან, თუ ჰიდროენერგეტიკის განვითარება გვინდა GREDA-ს კანონპროექტი უნდა მივიღოთ. მოსახლეობა სწორ კითხვას სვამს: როდესაც ელექტროსადგური აშენდება, ინვესტორი გარკვეულ შემოსავალს მიიღებს, სახელმწიფო კი მის მიერ ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს, მე რა?! ამ ყველაფერზე პასუხი სწორედ GREDA-ს კანონპროექტია. კერძოდ, თქვენ (მოსახლეობა) შემდეგი 50 წლის განმავლობაში გრძელვადიანი სარგებლის მიღების შესაძლებლობა გექნებათ", - აცხადებს მაია მელიქიძე.
ცნობისთვის, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციამ (GREDA) მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვით, განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდება.