ვებ-აპლიკაცია Job Stalker, რომელიც მომხმარებლებს სამუშაოს ძიების პროცესს გაუმარტივებს, სატესტო რეჟიმში გაეშვა - სტარტაპის სამიზნე ბაზარი აშშ-ია. როგორც სტარტაპის დამფუძნებელმა ბარბარა ქავთარაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული პროდუქტის მიმართ სტუდენტების მხრიდან ინტერესი საკმაოდ მაღალია.
მისივე ინფორმაციით, ინტერესი ძირითადად იმ სტუდენტების მხრიდან გამოიკვეთა, რომლებსაც დასაქმება უცხოურ ბაზრებზე სურთ.
"BETA ფაზაში ვართ, ფუნქციონალის და ალგორითმის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროცესი 1 თვეში დასრულდება. ამასთან, ჩვენ მიმდინარე პერიოდში აქტიურად ვნერგავთ ისეთ ფუნქციონალებს, რომლებიც ფასიანი სერვისები იქნება, რაც სტარტაპს ფინანსურ შემოსავალს მოუტანს. ერთ-ერთი იქნება AI Resume Builder, რომელიც მომხმარებლებს რეზიუმეს დაგენერირებაში დაეხმარება. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელოვნური ინტელექტი რეზიუმეს კონკრეტული სამსახურის მოთხოვნებს ინდივიდუალურად მოარგებს. გარდა ამისა, დაემატება ფუნქციონალი, რომლის დროსაც მომხმარებელი თავად ჩააგდებს რეზიუმეს და ჩვენი ვებ-აპლიკაცია უშუალოდ იმ სამსახურის ვაკანსიებს შესთავაზებს, რომელიც მასზე არის მორგებული.
საწყის ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე ვიქნებით წარმოდგენილი, თუმცა ჩვენი სამიზნე ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ბაზარზე გასვლა არც ისე მარტივია და გარკვეულ ეტაპებს მოიცავს, რაზედაც მუშაობას ახლო მომავალში დავიწყებთ.
საერთო ჯამში, პროექტის მიზანია, შეიქმნას პლატფორმა, რომელიც დაეხმარება სამსახურის მაძიებლებს, გააუმჯობესონ სამუშაოს მოძიების პროცესი, ავტომატიზაციისა და AI ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც საშუალებას მისცემს მათ, მარტივად იპოვონ შესაფერისი სამუშაო ადგილი ისეთ პოპულარულ პლატფორმებზე, როგორებიცაა: LinkedIn, Indeed, Job.ge და სხვა", - აცხადებს ბარბარა ქავთარაძე.
ცნობისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.