logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ყოველდღიურად, ჩვენს ვებგვერდზე, დაახლოებით, 100-120 ახალი პირი რეგისტრირდება, ვინც სამუშაოს ეძებს - HR.GE

ყოველდღიურად, ჩვენს ვებგვერდზე, დაახლოებით, 100-120 ახალი პირი რეგისტრირდება, ვინც სამუშაოს ეძებს, 400-500 ადამიანი კი აახლებს საკუთარ მონაცემებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  hr.ge-ის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა  განუცხადა.

მისივე თქმით, ჯამში, მათ პორტალზე აქტიურ სამუშაოს მაძიებელთა რიცხვი 144 ათასს აღემატება, იმ კომპანიების რაოდენობა კი, რომლებიც კადრებს ეძებს 33 000-ია.

„უნდა ითქვას ისიც, რომ ამ კომპანიებს შორის არიან უცხოური ბიზნესებიც, თუმცა მათი წილი საკმაოდ მცირეა. რაც შეეხება ანაზღაურებების ნაწილს, hr.ge-ზე კომპანიების მცირე რაოდენობას აქვს ხელფასები მითითებული, საიდანაც წელს ანაზღაურებების ზრდა არ იკვეთება“, - აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.

რაც შეეხება ვაკანსიების რაოდენობას, თვეების მიხედვით, ბაზარი შედარებით აქტიური, ხან კი - ზედმეტად პასიურია. საბოლოო ჯამში, მიმდინარე წლის ჯამური მონაცემები, წინა წელთან შედარებით, კლებას აჩვენებს. მაგალითისთვის, PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, დასაქმების პორტალ jobs.ge-ზე 2025 წლის ივლისიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, 24 199 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

საანგარიშო პერიოდში, ვაკანსიების რიცხვში, ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ლოგისტიკისა და დისტრიბუციის, ასევე ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის კატეგორიებში. წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა კი დაფიქსირდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამირების კატეგორიაში.

jobs.ge-ის მონაცემების გარდა, ვაკანსიების ჯამურ მაჩვენებლებში კლების დინამიკაა HR.GE-ზეც. დასაქმების პორტალის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორი ინგა შახბაზიანი ამბობს, რომ მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ვაკანსიებში 7%-იანი კლება აქვთ.

„მხოლოდ ოქტომბრის თვის მონაცემებით კი, გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, ჩვენთან ვაკანსიები, დაახლოებით, 10 პროცენტითაა შემცირებული“, - განმარტა ინგა შახბაზიანმა. 

შრომის ბაზრის ექსპერტების თქმით, ვაკანსიების კლებაზე წელს მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, რამაც ბიზნესის განწყობები შეცვალა. თუმცა, რაც შეეხება მოლოდინებს, სექტორის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ნოემბერი - დეკემბერი შრომის ბაზრისთვის აქტიური იქნება და ვაკანსიების ჭრილში, ზრდის მაჩვენებლები დაფიქსირდება.

გამოგვყევით