logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

მენტალური ჯანმრთელობა ტურიზმის ახალ მიმართულებად ყალიბდება - Heal WaY

მენტალური ჯანმრთელობა ტურიზმის ახალ მიმართულებად ყალიბდება, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Heal WaY-ის დამფუძებელმა ნათია სოსიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.  

მისი თქმით, ამ დრომდე არსებულმა ინფორმაციამ და ტენდენციებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით ეფექტურია - ბუნებაზე დაფუძნებული ტურები, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს სტრესისა და შფოთვის შემცირებაზე და ასევე, ველნეს ტურები (სპა, იოგა, მედიტაცია), რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ფიზიკურ და მენტალურ გადატვირთვასთან.

"Heal WaY-ის იდეა პანდემიის დროს გაჩნდა. ვხედავთ, რომ თანამედროვე ადამიანი აღარ მოითხოვს მხოლოდ ტრადიციულ ტურისტულ დასვენებას - იზრდება მოთხოვნა გადატვირთვაზე, შინაგანი სიმშვიდის აღდგენასა და მოგზაურობაზე, რომელსაც აქვს მკაფიო მიზანი - მენტალური კეთილდღეობა. პანდემიის შემდგომ პერიოდში მენტალური ჯანმრთელობა  ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა და მოგზაურობამ მიიღო ახალი მნიშვნელობა - როგორც თვითგამორკვევის და აღდგენის გზა. ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ ტურებს - ჩვენ ვქმნით მოგზაურობას მიზნით. Heal WaY აერთებს ტურიზმს და მენტალურ კეთილდღეობას: ყოველ ტურს აქვს healing ელემენტი (აქტივობა ან გამოცდილება, რომელიც მიმართულია ფსიქოლოგიური და ემოციური აღდგენისკენ, სტრესის შემცირებასა და შინაგანი სიმშვიდის დაბრუნებაზე). ჩვენი მიზანია მოგზაურობა იყოს არა გაქცევა რეალობიდან, არამედ დაბრუნება საკუთარ თავთან.

მოგზაურობა მოქმედებს რამდენიმე გზით: იძლევა გადატვირთვის საშუალებას ყოველდღიური გარემოდან ან რუტინიდან, რაც თავისთავად სტრესის შემცირებაა. ბუნებაში ან სხვა განსხვავებულ გარემოში ყოფნა ზრდის ყურადღებას, ამსუბუქებს გონებრივ დაღლას (Attention Restoration Theory) და აღადგენს ფსიქიკურ რესურსებს. ახალი გამოცდილებები, სოციალური ურთიერთობები და აქტივობები (იოგა, მედიტაცია, ხმოვანი თერაპია) ზრდის თვითშეფასებას, არბილებს სიმარტოვის შეგრძნებას და ამაღლებს მადლიერების გრძნობას. ეს კომპონენტები დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თითოეული ინდივიდის კეთილდღეობაზე.  

ჩვენი უკვე დაპაკეტებული მიმართულებები მოიცავს 10-ზე მეტ მიმართულებას: ტაილანდი, იაპონია, ირლანდია, ბალი, შვეიცარია, კოსტა-რიკა, მაროკო, საბერძნეთი, ნეპალი და ა.შ. თითოეული მათგანი განსხვავებულ ფსიქოლოგიურ საჭიროებას პასუხობს - დაწყებული სტრესის შემცირებიდან, შინაგანი ბალანსის აღდგენით დამთავრებული. ამასთან Heal WaY-ის უპირატესობაა ჯგუფური ტურები, რომელსაც ძალიან გამოცდილი ქართველი ფსიქოლოგები, თუ სხვა მიმართულების სპეციალისტები წარუძღვებიან. ძალიან მალე რამდენიმე ასეთი ტური დაანონსდება, სადაც, რა თქმა უნდა, ადგილების რაოდენობა იქნება შეზღუდული", - აცხადებს ნათია სოსიაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშა ქართული ბაზრისთვის სიახლეა, საბედნიეროდ, ქვეყანაში უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღიქვამს სერიოზულად მენტალურ ჯანმრთელობას, რაც აჩენს მოლოდინს, რომ მსგავსი ტიპის მოგზაურობაზე მოთხოვნა გაიზრდება.

ნათია სოსიაშვილის თქმით, ბაზარი თანდათან იზრდება, თუმცა Heal WaY-ის მთავარი ფოკუსი ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე რჩება. დაინტერესებულები არიან 25-45 წლის პროფესიონალები და კომპანიები, რომლებიც თანამშრომლების კეთილდღეობას პროდუქტიულობის წინაპირობად მიიჩნევენ. მისივე ცნობით, კომპანიას გეგმაში აქვს კორპორატიული და ოჯახური ტურების დანერგვა, სადაც აქცენტი გაკეთდება ოჯახის ან გუნდური ურთიერთობების გაძლიერებასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

კომპანიის დამფუძნებლის შეფასებით, მომავალში მოგზაურობა აღარ იქნება უბრალოდ დასვენება - ის გადაიქცევა მენტალური ჯანმრთელობის მხარდამჭერ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.

გამოგვყევით