logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"მცირე საგრანტო კონკურსი დასრულდა, დაფინანსებულია 17 საგრანტო პროექტი, რომლის მთლიანი ბიუჯეტი ₾1.7 მლნ-მდეა" - თამარ ზოდელავა

სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის, თამარ ზოდელავას ინფორმაციით, მცირე საგრანტო კონკურსი უკვე დასრულდა, დაფინანსებულია 17 საგრანტო პროექტი,რომლის მთლიანი ბიუჯეტი ₾1.7 მლნ-მდეა.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" თამარ ზოდელავა აღნიშნავს, თითოეული გამარჯვებული ₾100 000-მდე სახელმწიფო გრანტს მიიღებს.

"კერძოდ, გრანტები გაიცემა, როგორც სამოქალაქო ინიციატივის დაფინანსების თვალსაზრისით, ასევე ძალიან ბევრი სხვა პრიორიტეტული მიმართულება დავფარეთ, რათა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა სამოქალაქო ინიციატივები განახორციელონ. პრიორიტეტული მიმართულებებია: შრომა, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა, ასევე განათლება, მეცნიერების განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტები, სპორტის განვითარება, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული გამარჯვებული სახელმწიფო გრანტს 100 000 ლარამდე მიიღებს და შემდეგ უკვე აღნიშნული პროექტების განხორციელებას დაიწყებს", - აღნიშნავს სექტორის წარმომადგენელი.

თამარ ზოდელავა გამჭვირვალობის შესახებ დეტალურად საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ სააგენტოსთვის აღნიშნული საკითხი პრინციპულად მნიშვნელოვანია.

"გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პრინციპია - რა კრიტერიუმით გამოვლინდებოდა გამარჯვებული თავიდანვე ცნობილი გახლდათ. მათ ვინც მცირე საგრანტო კონკურსში ვერ გაიმარჯვეს, ცხადია, აღნიშნულის შესახებ ეცნობათ და დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ, სააგენტოს მიმართონ. ჩვენი ინტერესია, რომ ხარისხობრივად კარგი პროექტები შემოვიდეს", - აცხადებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს წარმომადგენელი.

ცნობისთვის, 2025 წლის 18 ივლისს საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო გრანტის პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები; საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება; ეკონომიკური განვითარება; განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა; სპორტის განვითარება; შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა; თავდაცვა და უსაფრთხოება; რეგიონული განვითარება და ადგილობრივი თვითმმართველობა; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა; სოფლის მეურნეობა; იურიდიული და პროფესიული განათლება; შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა. თითოეული მიმართულება მოიცავს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც დეტალურად არის გაწერილი საქართველოს მთავრობის განკარგულებაში.

„სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების“ შესაბამისად იმოქმედებს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო, რომლის მიზანია საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა სახელმწიფო გრანტების გაცემის გზით.

სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ თამარ ზოდელავა მიმდინარე წელს დაინიშნა. სააგენტო ახალი სსიპ-ია.

გამოგვყევით