ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, რაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღვინო „საზანოს ოცხანურის“ გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მოთხოვნით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტი“ შპს „იმერული ღვინის ასოციაციამ“ მიმართა. აღნიშნული ღვინის წარმოების სპეციფიკაციის მომზადებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებულ სხვა ტექნიკურ საკითხებში ღვინის ეროვნული სააგენტო „ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარებისა და ქართული ღვინის აღნიშვნების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მონაწილეობდა.
„საზანოს ოცხანური“ წითელი მშრალი ღვინოა; მიკროზონა მოიცავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ზედა საზანო, სკანდე, მუჯირეთ, ჩიხორი, დელტას უბანი, შიმშილაქედი, ასევე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქვედა საზანო, ტყლაპივაკე და შიმშილაქედი. მიკროზონა მდებარეობს ზღვის დონიდან 120-420 მეტრის სიმაღლეზე. ღვინო „საზანოს ოცხანური“ შეიძლება დამზადდეს მხოლოდ საზანოს მიკროზონაში მოწეული ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნიდან და დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება, თუმცა, დასაშვებია მხოლოდ ამავე მიკროზონაში მოწეული 5% საფერავის დამატება.
საზანოს ოცხანური მზადდება დურდოს სრული ალკოჰოლური დუღილის გზით, ქვევრში (ჭურში) ან უჟანგავ ფოლადის რეზერვუარში.
იმერეთი ვენახების ფართობით დასავლეთ საქართველოში პირველ ადგილზეა. იმერეთის ღვინოები მზადდება მთის ფერდობებზე და დაქანებებზე გაშენებული ვაზების ყურძნიდან და გამოირჩევიან მაღალი ხარისხით. ეს ღვინოები, ძირითადად, ზომიერი სიმაგრისაა, ხასიათდება სინაზით, სისრულით და თავისებური არომატით.
იმერეთში დარეგისტრირებულია სამი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო: სვირი, ობჩა და საზანოს ოცხანური.
საქართველოში დარეგისტრირებულია დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებია: ქინძმარაული, მანავი, კახეთი, ნაფარეული, თელიანი, მუკუზანი, წინანდალი, ახაშენი, გურჯაანი, ხვანჭკარა, ატენი, სვირი, ვაზისუბანი, კარდენახი, ტიბაანი, ტვიში, ყვარელი, კოტეხი, ხაშმის საფერავი, ბოლნისი, სალხინოს ოჯალეში, ახმეტა, წარაფი, ახოები, მაღრაანის ქისი, ოყურეშის უსახელოური, ზეგაანი, ასურეთული შალა, ოკამი, ობჩა, ლეჩხუმი, რაჭა და საზანოს ოცხანური.