logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ოქტომბერში ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა - წლიური ზრდა 13.4%-ია

2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.71 მლნ აშშ დოლარი (865.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.4%-ით (37.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.95%-ს შეადგენს, შესაბამისი 143.26 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 14.99%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში. 

ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ,ოქტომბერში აშშ-დან 16.51%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 59.27 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მლნ აშშ დოლარი (110.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ოქტომბრის (35.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5% მეტია.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.4% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ  ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი  გზავნილების 96.3% მოდიოდა.

გამოგვყევით