“იბერკომპანი ჰოლდინგის" დირექტორის ლევან დიასამიძის შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში დეველოპერული კომპანიებისთვის ბანკებთან ურთიერთობა და დაფინანსების მიღება გამარტივდა.
"ისინი დაფინანსებაში მოგვყვებიან, თუმცა მათი დამოკიდებულება ის არის, იციან საით ვითარდება ბაზარი და უფრო მსხვილ დეველოპერებს ემუშავებიან, რომლებსაც მშენებლობის გამოცდილება აქვთ და გაყიდვების გამოცდილება აქვთ", - აცხადებს ლევან დიასამიძე "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
ლევან დიასამიძე აქვე ამბობს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ისევ რჩება საკითხები, რომლებიც დამატებით რეგულირებას საჭიროებს.
"როდესაც მომხმარებელი მოდის და უძრავ ქონებას ყიდულობს, მან არ იცის, რა აქტივებს ფლობს კომპანია, რა ვალდებულებები აქვს მას და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად, ჩემი მოსაზრებაა, რომ უნდა გამოიყოს კვალიფიციური დეველოპერი, მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გასაჯაროების შესაძლებლობა და მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ განვადება, ინვესტორისგან თანხა, რომელსაც განვადება დავარქვით. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს თანხა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინვესტორის ჩვეულებრივი მონაწილეობა პროექტში.
ეს არ უნდა იყოს ცალსახა რეგულაცია, ეს უნდა იყოს რეგულაცია, რომელსაც სარეკომენდაციო სახე ექნება. მეორე მხარეს არის მომხმარებელი, რომლის უფლებებიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ დეველოპერებსაც უნდა ენიჭებოდეთ რეიტინგი, ისევე როგორც ბანკებს აქვთ საკრედიტო რეიტინგი.
როდესაც კომპანია 200 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს ახორციელებს, ბინის თითოეული მყიდველი, ფაქტობრივად, ამ პროექტის ინვესტორი ხდება. შესაბამისად, მათი უფლებებიც სათანადოდ უნდა იყოს დაცული. თუმცა, ეს საკითხი ფართო მსჯელობას საჭიროებს", — აღნიშნა ლევან დიასამიძემ.