logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სინომი რითეილი" - ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინება კადრებზე კონკურენციას ამძაფრებს

 "სინომი რითეილის" ხელმძღვანელის  რევაზ მაღალაშვილის განცხადებით, ახალგაზრდების ქვეყნიდან გადინების გამო, კადრებზე კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი ხდება.

მან „ბიზნესპარტნიორთან“ ბაზარზე არსებული გამოწვევები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში დასაქმების ბაზარი ბევრად უფრო კონკურენტული გახდა.

“ბოლო წლებში შრომითი ანაზღაურება საგრძნობლად გაიზარდა. დასაქმების ბაზარი ბევრად უფრო კონკურენტული გახდა. შესაბამისად, კომპანიები ერთმანეთს ვეჯიბრებით საუკეთესო კადრების გადაბირებაში.  ეს კონკურენციისთვის კარგია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქვეყნიდან გადის, კადრებზე კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი ხდება”,-განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით, ფასები გაზრდილია, მათ შორის ტანისამოსზე. 

“ზოგადად, ფასები მიბმულია ევროსა და ლარის გაცვლით კურსზე. ბოლო პერიოდში ლარი საკმაოდ მყარია, ამიტომ, ჩვენ დაახლოებით 2023 წლის ბოლოდან ფასები არ დაგვიკორექტირებია. გააჩნია, როგორი იქნება გაცვლითი კურსი. თუ მიწოდების ჯაჭვში მოხდა ცვლილება და  მაგალითად, ტრანსპორტირება გაძვირდა, ბუნებრივია, ეს ფასების ზრდას გამოიწვევს. ზოგადად, ინფლაცია ჩვეულებრივი ამბავია, წლების მანძილზე ფასები იზრდება, მათ შორის ტანისამოსზე და რომ შევადაროთ 5-10 წლის მაჩვენებელს, ფასები გაზრდილია. თუმცა, თუ ამას შემოსავლების ზრდაც თან მოჰყვება, მაშინ ეს ნაკლებად პრობლემატურია მომხმარებლისთვისაც და ბიზნესისთვისაც”,-განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა.

„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.

2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი  საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.

გამოგვყევით