logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სინომი რითეილი" ქსელის გაფართოებასა და მაღაზიების განახლებას გეგმავს

„სინომი რითეილის“ ხელმძღვანელის, რევაზ მაღალაშვილის განცხადებით, საქართველოს ბაზარზე არსებული ბრენდების რაოდენობის ზრდა და ქსელის გაფართოება იგეგმება.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სამომავლოდ "მოძველებული მაღაზიების განახლებაც განიხილება".

„იგეგმება როგორც არსებული ბრენდების რაოდენობის ზრდა, ასევე მათი ფართების გაფართოება და ძალიან ბევრი მოძველებული მაღაზიის რენოვაცია, რომლებიც ბოლო 14 წლის განმავლობაში მრავლად დაგროვდა. კონკრეტულ ბრენდებს არ დავასახელებ, რადგან ბევრი ბრენდია. 2027 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ორი ახალი ბრენდული მაღაზიის გახსნას ვაპირებთ“, – განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.

გარდა ამისა, მან „შავი პარასკევის“ ფასდაკლებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წელს მომხმარებლებს ბევრ კარგ შეთავაზებას შესთავაზებენ.

„კონკრეტულად „შავ პარასკევს“ რამდენი იქნება ზრდა წინა წელთან შედარებით, ამის პროგნოზირება რთულია. ეს დამოკიდებულია იმ შეთავაზებებზე, რომლებსაც რითეილერები გააკეთებენ. ჩვენ აუცილებლად კარგი შეთავაზება გვექნება და ვეცდებით, მაქსიმალურად ბევრი მომხმარებელი მოვიზიდოთ. ზოგიერთი ბრენდი მომხმარებელს სპეციალურ პირობებს მხოლოდ „შავ პარასკევს“ შესთავაზებს, ზოგიერთის შეთავაზება კი სრულ შაბათ-კვირას გასტანს. წინასწარ ვერ დავაანონსებთ, რადგან საბოლოო პირობები ჯერ ჩამოყალიბებული არ გვაქვს“, – განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.

როგორც „სინომი რითეილის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, „შავი პარასკევისთვის“ ონლაინ გაყიდვები საღამოს 21:00 საათზე იწყება, რათა ფასდაკლებებით უფრო მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს.

„შავ პარასკევამდე“ 10 დღით ადრე ვიზიტორების რაოდენობა იკლებს. ასევე, „შავი პარასკევის“ შემდეგ, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში, ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია. თუმცა, ეს ტენდენცია ყოველწლიურად მეორდება და არა მხოლოდ ცალკეულ წლებში.

როგორც წესი, ონლაინ გაყიდვებს წინა დღეს, საღამოს 21:00 საათზე ვიწყებთ. ონლაინ მომხმარებელს ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა უფრო ადრე ეძლევა. ამით ქსელს განვტვირთავთ, რათა რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა სწორედ ონლაინ პლატფორმებით ისარგებლოს“, – განაცხადა რევაზ მაღალაშვილმა.

ცნობისთვის, კომპანია „სინომი რითეილი" საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა.

„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 80-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით.

2023 წლის მეოთხე კვარტალში კომპანიამ ბათუმში ეტაპობრივად გახსნა 10 წამყვანი  საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.

გამოგვყევით